Wednesday, January 23, 2013

მოკლე ინფორმაცია ჩემს შესახებ

                               ნათია ყულუმბეგაშვილი

    მოგესალმებით, გადავწყვიტე ( გადამაწყვეტინეს:) ) აქ დავამატო მოკლე ინფორმაცია ჩემს შესახებ: 
     მე ვარ ნათია ყულუმბეგაშვილი 19 წლის, დავიბადე და გავიზარდე ქალაქ გორში, სადაც მივიღე საშუალო განათლება. ექსტერნების მეშვეობით დავამთავრე სკოლა და ჩავაბარე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ვსწავლობ ტურიზმის ფაკულტეტზე 70% გრანტით და ვარ პირველკურსელი. როგორც ყველა ნორმალურ ადამიანს გამაჩნია მიზნები და გეგმები რომლებსაც სწავლის დასრულების შემდეგ იმედი მაქვს განვახორციელებ.არ მიყვარს მათზე საჯაროდ საუბარი. დანარჩენს მომავალი მიჩვენებს.
     რაც შეეხება ჩემს ბლოგს, ეს თემა იმიტომ ავირჩიე რომ ძალიან მიყვარს წელიწადს ეს დრო. მიყვარს ზამთარი, თოვლი და ბუნების სილამაზე წელიწადის ამ დროს. ჩემი აზრით, ჩვენს ასაკში ბევრია ისეთი ადამიანი ვისაც ზამთარი უყვარს, გართობის მიზნით საქართველოში საკმაოდ ბევრი კურორტია დროის სასიამოვნოდ გასატარებლად, ამ კურორტებზე კი ინფორმაცია უკვე დევს ბლოგზე. თუმცა კურორტების გარეშეც შეიძლება კარგი დროის გატარება გუნდაობით, ციგაობით და თოვლით სხვადასხვა ფიგურების გაკეთებით.
   ჩემი ბლოგის ყველა მნახველს გიხდით მადლობას და იმედი მაქვს მოგეწონათ,მომავლისთვის კიდევ დამატდება ახალ-ახალი ინფორმაცია. გამიხარდება თუ ჩემს ლექტორსაც მოეწონება ჩემი ბლოგი. :)

საკონტაქტო მისამართი: natia.kulumbegashvili.1iliauni@edu.ge

                                    სიყვარულითა და პატივისცემით
                                ნათია ყულუმბეგაშვილი.

ზამთრის კურორტები საქართველოში

                    ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ

ბაკურიანი
ბაკურიანი — მსოფლიოს სამთო კურორტებს შორის ერთ-ერთი ულამაზესი ადგილია. იგისაქართველოში, ბორჯომის ხეობაში, თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ ფერდზე, ზღვის დონიდან 1700 მეტრზე (5.576 ფუტზე) მდებარეობს. ბაკურიანის მშვენებაა კოხტაგორა(2155 მ), საიდანაც კავკასიონის ქედის  მწვერვალები მოჩანს. ბაკურიანში დასვენება წლის ყველა დროს სასარგებლო და საინტერესოა: ტყიანი მთები, მინერალური წყაროები, ბორჯომის ულამაზესი ხეობის ბუნებისა თუ კულტურის ძეგლებისაკენ მიმავალი უნიკალური ტურისტული მარშრუტები – ჩვენი ჯანმრთელობისა და კარგ განწყობის საწინდარია. 




გუდაური

სამთო – სათხილამურო კურორტი გუდაურიმდებარეობს დიდი კავკასიონის ფერდობზე საქართველოს სამხედრო გზის მიმდებარედ. დეკემბერ-აპრილში თოვლის სისქე 2 მეტრს აღწევს. არანაკლებ საინტერესოა გუდაური ზაფხულში: გრილი მთის ჰაერი, ხელუხლებელი ბუნება, ექსკურსიები ვერტმფრენით,ლაშქრობები, გასეირნება ცხენით, თევზაობა მთის მდინარეებზე, რაფტინგი და ა.შ.
მოთხულამურეების განკარგულებაშია: 18 კილომეტრიანი მარკირებული, მსოფლიო სტანდარტების დონეზე მოწყობილი სათხილამურო ტრასები. დონეთა სხვაობა მერყეობს 1000 მეტრის ფარგლებში. სრიალი ვერტმფრენიდან (Heliskiing) — შესაძლებელია 3800 მეტრის სიმაღლეზე ზღვის დონიდან.
პროფესიონალი მოთხილამურეები უზრუნველყოფილნი არიან სლამომით, გიგანტური-სლამომით და სუპერ-სლამომით რომელთაც მინიჭებული აქვთ FIS სერთიფიკატი.
ინსტრუქტორის, სამთო-სათხილამურო სკოლა ბავშვებისათვის და აღჭურვილობის დაქირავება შესაძლებელია ადგილზე. სათხილამურო შვეულმფრენი, ალპინიზმი და პარაგლიდინგი განვითარებულია ამ მხარეში.
იმის მიუხედავად რომ, კურორტი გუდაური მდებარეობს მაღალ მთიან რეგიონში, აქ ამინდი თბილი, მზიანი და წყნარია. თოვლის საფარი ნოემბრის თვიდან მაისის თვის ჩათვლით აღინიშნება.





სვანეთი

სვანეთი, საქართველოს ისტორიული რეგიონი, ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს. 3 -5 ათას მეტრიანი მწვერვალებით გარშემორტყმული სვანეთი კავკასიაში ყველაზე მაღალი დასახლებული ტერიტორიაა. კავკასიის ათი უმაღლესი მწვერვალიდან ოთხი ამ რეგიონში მდებარეობს.აქვეა საქართველოს ყველაზე მაღალი მწვერვალი შხარა (5,201 მ.) სვანეთშია ასევე მწვერვალები:თეთნულდი (4,974 მ.), შოთა რუსთაველი (4,960 მ.), უშბა (4,710 მ.).
სვანეთი ცნობილია თავისი არქიტექტურული საგანძურითა და თვალწარმტაცი პეიზაჟებით. ამ კუთხის ბუნება მიმზიდველია ტურისტებისთვის. სვანური კოშკები, რომლებიც აგებულია მე-9-12 ს.ს.-ში მეტად საინტერესოს ხდის ამ მხარეს. აქ უამრავი მართლმადიდებლური ეკლესია და ციხე-სიმაგრეებია. ზემო სვანეთის არქიტექტურული ძეგლები იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი.
სვანურმა კულტურამ შეინარჩუნა შესანიშნავი სვანური ცეკვისა და პოლიფონიური სიმღერის ტრადიცია.



Saturday, January 5, 2013

ზამთრის ტრანსპორტი

                            ზამთრის ტრანსპორტი                        

 თოვლმავალი                                                               


გამოიგონა ჟოზეფ-არმან ბომბარდიემ 1959 წელს.
თოვლმავალი (Snowmobile) წარმოადგენს მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებას, რომელიც ადვილად გადაადგილდება თოვლში.
ჟოზეფ-არმან ბომბარდიე ( Joseph-Arman Bombardier 1907-1964) – კანადელი გამომგონებელი,  ბიზნესმენი. 




Apex XTX 



თუ თქვენ გსურთ ახვიდეთ დინამიურობის ახალ საფეხურზე, თქვენი არჩევანია Apex XTX! იგი გვიქმნის ახალ წარმოდგენას თოვლმავლებთან დაკავშირებით. საჭის მართვის ელექტროგამაძლიერებელი (EPS) ამკვიდრებს თოვლმავალთა მართვის ახალ სტანდარტებს.
მოდელი - Apex XTX
ძრავის ტიპი - 4ტაქტიანი, 4 ცილინდრიანი
ძრავის მოცულობა - 998 სმ3
ცხენის ძალა - 110
გაგრილება - სითხით
დგუში/ფისტონი(поршень) - 74.0 x 58.0 მმ
მუხრუჭი - გიდრავლიკური გამაგრილებელი დისკით
ხელის მუხრუჭი - მექანიკური
ძრავის გამშვები - ციფრული მართვით და ელექტრო დროსელით
საწვავის სისტემა - 39 მმ–იანი mikuni x 4, ვპრისკი სითხის გაგრილებით
საწვავის ავზის ტევადობა - 34.6 ლ
სიგრძე/სიგანე/სიმაღლე - 1210/2995/1245 მმ
ადგილების რაოდენობა - 1

 

Phazer M-TX


Phazer M-TX იდეალური არჩევანია ხელშეუხებელი „ცივილიზაციების“ დასაპყრობად, მსუბუქი და მაღალ ძრავიანი თოვლმავალი 4 ტაქტიანი მოტორით მზადაა აგიყვანოთ დათოვლილი მთების უმაღლეს მწვერვალებზე. მისი მოკლე კუდის მეშვეობით ნებისმიერი სიღრმის თოვლიდან ამოსვლაა შესაძლებელი


ფასი - 11 300 USD ექვივალენტი ლარში
მოდელი - Phazer MTX
ძრავის ტიპი - 4ტაქტიანი,2ცილინდრიანი,3კლაპნიანი
ძრავის მოცულობა - 499 სმ3
ცხენის ძალა - 90
ძრავის გაგრილება - სითხით
დგუში ფისტონი(поршень)-  77.0 x 53.6 მმ
მუხრუჭი - მჩატე გიდრავლიკური ჰაერის გაგრილებით, ორდგუშიანი ალუმინის სუპორტით
ხელის მუხრუჭი - მექანიკური გადაცემით
ტრანსმისია - ვარიატორი უკუსვლით
ძრავის გამშვები - ციფრული მართვით და ელექტრო დროსელით
საწვავის სიტემა  - 43მმ-იანიKeihin x 2, ვპრისკი
საწვავის ავზის ტევადობა - 26.7ლ
წვა - მოხმარების შესაბამისად
სიგრძე/სიგანე/სიმაღლე - 1165 /3195 /1190 მმ
ადგილების რაოდენობა - 1


 FX Nytro MTX

იამაჰას თოვლმავალი შექმნილია მთების დასაპყრობად, Fx Nytro M-TX აგიყვანთ ნებისმიერ სიმაღლეზე, ამისათვის მხოლოდ მიზნის დასახვაა საჭირო. მისი მუხლუხო 18–გრადუსიანი კუთხით წინაღობასთან ასევე ორი მსუბუქი გაზის სისტემის ამორტიზატორი საოცრებებს ახდენენ ნებისმიერი სახის დათოვლილ მთებში.
მთების სერიოზულ  დამპყრობს ისევე არ აქვს სვა არჩევანი, როგორც დაპყრობილ სიმაღლეებს არ აქვს საზღვარიფასი - 19 600 USD ექვივალენტი ლარში
მოდელი - FX Nytro
ძრავის ტიპი - 4ტაქტიანი, 3 ცილინდრიანი
ძრავის მოცულობა - 1049 სმ3
ცხენის ძალა - 110
გაგრილება - სითხით
დგუში/ფისტონი(поршень)-  82.0 x 66.2 მმ
მუხრუჭი - გიდრავლიკური გამაგრილებელი დისკით
აქვს ალუმინის სუპორტი 4დგუშით
ხელის მუხრუჭი - მექანიკური
ძრავის გამშვები - ციფრული მართვით და ელექტრო დროსელით
საწვავის სისტემა-  41მმ–იანი მიკუნიx 3, სითხის გაგრილებით
საწვავის ავზის ტევადობა - 28.0 ლ
სიგრძე/სიგანე/სიმაღლე - 3340/1210/1195 მმ
ადგილების რაოდენობა - 1


Tuesday, January 1, 2013

ლექსები ზამთარზე

                                                          
                                                          ზამთარი


Miyvars Zamtari / მიყვარს ზამთარი


მიყვარს ზამთარი! მიყვარს თოვლი ქათქათა, სუფთა,
თეთრი ფიფქების ჰაეროვნად მიყვარს ფარფატი,
მიყვარს ნაძვის ხე, მისი მორთვა ჭრელი ბურთებით
და გოზინაყი, მთელი წელი ასე ნანატრი.

მიყვარს ზამთარი, მიყვარს თოვლი, ფიფქების ცეკვა,
თოვლში გართული პატარების წკრიალა ხმები,
არ დაგიმალავთ, საჩუქრების მიღებაც მიყვარს
და თოვლის ბაბუს შორი გზიდან ბავშვივით ველი.

რატომ ზამთარი? იმიტომ, რომ ქუჩაში ცივა,
მე კი საბანში გახვეული, სიზმრებით ვთბები,
მიყვარს გალობა შობის ღამეს გულს, რომ გაათბობს,
შეძახილები, როცა ახალ წელს ვხვდებით!

ზამთრის ხმაც მიყვარს! ღამე სტვენით ფიფქებს გაფანტავს,
მძივად ასხმული ლოლოების წკრიალი ქარში,
მიყვარს ხრაშუნი თოვლზე დადგმულ ნაბიჯს, რომ ახლავს,
და საახალწლო ფეირვერკის ქუხილი ცაში!

მიყვარს ზამთარი იმიტომ, რომ მოაქვს იმედი,
დღესასწაულის მოლოდინი ნამდვილი, წრფელი,
შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი, მეკვლე მოვიდა,
ფეხბედნიერი ყოფილიყოს დამდეგი წელი!



ისევ წამოვიდა ნაზი ფიფქები,
მომაწვა რომანტიკა და აი ვგიჟდები,
ლამაზი ფანტელი, რომ ფარავს ველებს,
ამის ყურებით მე ვიტკბობ დღეებს.
უკვე თეთრია ირგვივ ყველაფერი,
მზემ უმაქნისმა ვერ შეძლო ვერაფერი,
ზამთარი მაინც თავისას შვება
გაზაფხულმა თქვა: "მოგიტანთ შვებას".
ასეთი არის ზამთარი ყველა,
ამ სიცივეში მე მაინც მცხელა,
თოვლი ფარფატით რომ ფარავს ველებს,
ამის ყურებით მე ვიტკბობ დღეებს.





გარეთ თოვს,
გული მთხოვს,
გავიხსენო
რაც მათრობს,
მე ღამესთან ვკამათობ,
სწორედ ამ დროს
თოვლი ჩუმად
მთას ათოვს.
მე ფიფქები მთავაზობს,
მის მოსმენას,
და ის წარსულს გამანდობს,
სწოერედ ამ დროს,
დედა მთხოვს,
დავიძინო,
თორემ თოვლი დამათრობს.



ზამთარი

ბუნებამ ფერი იცვალა,
დაცარიელდნენ ველები;
წავიდნენ, გამოგვეთხოვნენ,
ვინც იყვნენ წასასვლელები.
ციყვმა მოძებნა ფუღურო,
თაგვმა და გველმა - ხვრელები;
კვლავ კაჭკაჭთ დარჩათ მარტოკა
კაკლის კენწეროს ხმელები.
სოფლად ბეღურა ჩიტების
გუნდი და გუნდი ტრიალებს,
ხან მზის გულს მიეფიცხება
და ხან ფიჩხებში წრიალებს.
გლეხი ისვენებს ახლაღა
მოღლილი მიწის მოვლითა,
ძილს მისცემიან მინდვრებიც
გადაპენტილნი თოვლითა.


თოვლიანი მარტი

თოვლმა გადაფარა მუქი მწვერვალები,
მზე სატუსაღოდან მორცხვად იცქირება,
ყინვას შეუბოჭავს შმაგი ქარაფები,
"ცოტა დაგვინდეო!"-უშბა იხვეწება.
ციდან ჩამოსულმა დიდმა თეთრმა გედმა,
ფრთებქვეშ მოიქცია ვრცელი სათიბები.
მარტს ამ უცნაურმა, უსულგულო ბედმა
ისევ მოუტანა თეთრი ქათიბები.
ცივი ამბორით და მკაცრი გამოხედვით
ზამთარს აღარ სურდა ქვეყნის მიტოვება,
მარტშიც მოინდომა მოსვლა ქარავნებით,
მაგრამ გაზაფხული სამ თვეს ედავება.

ზამთარი [ფავორიტებში დამატება] (ყმაწვილის მოგონება) ვხედავ, ვხედავ, დაგვიზამთრდა, მომაგონდა მე ზამთარი, მომაგონდა პაწიობა, მომაგონდა მე სახლ-კარი. მახსოვს, როცა ბალღი ვიყავ, მიხაროდა თოვლის მოსვლა, თოვლის გუნდის გაკეთება, სროლა თავში, გორვა, მოსვრა. შვილდ-ისარით შაშვსა ვდევდით, ჩიტს ვუდგამდით კაკანათსა, ლასტს ვუგებდით ბეღურაებს, ვერ გვხედავდნენ მუხანათსა. შევებმოდი მე ციგაში და ზედ მიჯდა გოგიელა, გადაბრუნდის ჩვენი ციგა, კოტრიელა, კოტრიელა!.. ბიჭები თავს შევიყრიდით, ვხტოდით, ვჭიდაობდით ყველა, ხან ერთი ძირს, ხან - მეორე, ჰერი, ბიჭო, კოტრიელა!.. დაღალულნი, გათოშილნი მივდიოდით ღამე შინა, მაგრამ ყინვამ და სიცივემ ვერც ერთი ვერ შეგვაშინა... მეორე დღეს ყინულზედა ვცურაობდით ნელა-ნელა... უკან კოპი, შუბლზე კოპი, კოტრიელა, კოტრიელა!...

Content from: http://kids.ge/poesy-verse?id=191&rel=11
Kids.ge

ზამთრის სპორტი

                                            

                                ზამთრის ოლიმპიური თამაშები

 ზამთრის ოლიმპიური თამაშები — უმსხვილესი საერთაშორისო შეჯიბრება სპორტის ზამთრის სახეობებში, რომელიც ოთხ წელიწადში ერთხელ ტარდება საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ეგიდით. ეს თამაშები პირველად 1924 წელს ჩატარდა, როგორც ზაფხულის თამაშების დამატება. ზოგიერთი ზამთრის სპორტის სახეობა ზაფხულის თამაშებში დამატებულ იქნა 1908 და 1920 წელს. 1024-92 წლებში ზამთრის თამაშები იმავე წელს ტარდებოდა, რაც ზაფხულის. 1994 წლიდან ზამთრის თამაშები ტარდება 2 წლის ინტერვალში ზაფხულის თამაშებიდან.

             ზამთრის სპორტი საქართველოში 

   ზამთრის სპორტის სახეობები საქართველოში 1920იანი წლებიდან ირებს სათავს, პირველი შეჯიბრება თხილამურებით რბოლაში 1934 წელს გაიმართა ბაკურიანში, ფიგურალ სრილას კი 1960 წელს ჩაეყარა საფუძველი. მიუხედავად სპორტის ამ სახეობების სიძველისა დღემდე ვერ მოხერხდა მათი დონის ამაღლება საქართველოში, ეს იმ დროს ,როცა საერთაშორისო ტენდენცია საწინააღმდეგოს აჩვენებს. ბევრ ქვეყანაში ამ სახეობების დახვეწა განვითარება ერთ-ერთ პრიორიტეტულად და შემოსავლის კარგ წყაროდ ითვლება.
    2006 წელს საქართველომ 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადის საქრთველოში ჩატარების შესახებ განაცხადი შეიტანა საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში, თუმცა საკმაოდ გავლენიან პრეტენდენტებს კონკურენცია ვერ გაუწია და საწყის ეტაპებზევე გამოეთიშა კონკურსს. ეს ფაქტი არცაა გასაკვირი, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ზამთრის სპორტის სახეობები საქართველოში დიდი პოპულარობით არ სარგებლობენ და მხოლოდ სამოყვარულო დონის ჩემპიონატები იმართება. ისიც ერთეულ სახეობებ- ში, რომ აღარაფერი ვთქვათ ინფრასტრუქტურულ სიმწირეზე: სპორტის და ძეგლთა დაცვის ინფორმაციით მისი სრული აღდგენა-რეაბილიტაცია დაახლოებით 3 მლრდ დოლარი დაჯდება, ეს თანხა ნაწილობრივ კერძო სექტორიდან დაიფარება, ხოლო 95% იმ პროექტებისა, რომელიც სახელმწიფომ უნდა დააფინანსოს უკვე რეალიზაციის ტადიაზეა და 2014 წლამდე გაცილებით აგრე განხორციელდება.
   სასიკეთო ძვრები ზამთრის სპორტის განვითარებაში შეიმჩნევა ბაკურიანში, სადაც კერძო სექტორიდან მობილიზებული ფინანსებითგაიხსნა ახალი სათხილამურო ტრასები, მოეწყო თანამედროვე გადამყვანები. აშენდა საერთაშორისო დონის სასტუმრო კომპლექსები. რამენადმე გაუმჯოესდა ფიგურული სრიალის დონე - "სპორტის სასახლის წინ მოეწყო თანამედროვე სტანდარტის საიგურაო მოედანი, თუმცა ის მალევე დაიხურა და პრობლემა პრობლემად დრჩა.
     ამ ყველაფრის ფონზე ზამთრის ოლიმპიადის საქართველოში გამართვა გაზვიადებული ჩანს: როგორ უნდა უმასპინძლო საერთაშორისო დონის ღონისძიებას, როცა, ზამთრის სპორტის სახეობებში მოასპარეზე ზოგიერთ სპორტსმენს საერთაშორისო ტურნირებისათვის მომზადება საზღვარგარეთ უწევს?
მცირე წარმატებების მიუხედავად ზამთრის სპორტის განვითარებას საქართველოში ხელი უნდა შეუწყოს ქვეყნის სტრატეგიამ ამ მიმართულებით, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მეთვალყურეობით მოხდეს ინფრასტრუქტურის აღდგენა-დახვეწა და თუკი ეს ღონისძიებები განხორციელდება შესაძლებელია მაღალმთიანი რეგიონების კლიმატური პირობების სასიკეთოდ გამოყენება.


                    ზამთრის ოლიმპიური სახეობები

 ტრამპლინიდან თხილამურებით ხტომა. ზამთრის სპორტის პოპულარული სახეობა, სათხილამურო ორჭიდის ერთ-ერთი დისციპლინა.

მსოფლიოს ჩემპიონატები იმართება 1929 წლიდან; მსოფლიოს თასის გათამაშება _ 1972-იდან. ოლიმპიური თამაშების პროგრამაშია 1924-იდან. ჩაისახა ნორვეგიაში XIX საუკუნის შუა წლებში. პირველი შეჯიბრებები მოეწყო ტელემარკის პროვინციის მთიანეთში. იქვეა რეგისტრირებული პირველი შედეგის _ 19 მ (1868). პირველი მხტომელები იყვნენ სამთომოთხილამურეები, რომლებიც მთიდან დაშვებისას ბუნებრივი ბორცვებიდან ხტებოდნენ (მოგვიანებით ბორცვები ხელოვნურმა მიწაყრილებმა შეცვალა). საქართველოში ტრამპლინიდან თხილამურებით ხტომის ისტორია იწყება 1935 წლიდან, როცა ბაკურიანში დამთავრდა პირველი 40-მეტრიანი ტრამპლინის მშენებლობა და რესპუბლიკური შეჯიბრების პროგრამაში ხტომებიც შეიტანეს. მაშინ ყველას აჯობა იმ დროისთვის უკვე ცნობილმა ალპინისტმა და სამთო-სათხლამურო საქმის ორგანიზატორმა ალექსანდრე (სანდრო) გვალიამ. მოგვიანებით ბაკურიანს შეემატა 45-, 70- და 90-მეტრიანი ტრამპლინები, გახშირდა შეჯიბრებები, რამაც განაპირობა საქართველოს მხტომელთა წარმატებები საკავშირო და საერთაშორისო სარბიელზე. სპორტის ამ სახეობის ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უკავია “მფრინავ ტორპედოდ” მონათლულ კობა წაქაძეს_სსრ კავშირის მრავალგზის ჩემპიონს, ათამდე საერთაშორისო ტურნირში გამარჯვებულს, ოთხი ოლიმპიური თამაშების მონაწილეს. წაქაძე თითქმის 20 წლის განმავლობაში გამოდიოდა დიდ ასპარეზზე, გამოირჩეოდა სტაბილური შედეგებით და ხტომის დახვეწილი მანერით. 1960-იან წლებში არაერთ საკავშირო შეჯიბრებაში გაიმარჯვა ასევე ბაკურიანელმა მხტომელმა მიხეილ გავამ (მისი საუკეთესო შედეგია სსრკ ხალხთა ზამთრის სპარტაკიადის ჩემპიონობა). დამოუკიდებელი საქართველოს სახელით სამ ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობდა კახა წაქაძე (კობა წაქაძის ვაჟი).

სნოუბორდი

 სნოუბორდი (ინგლ. Snowboard _ სიტყვასიტყვ. თოვლის ფიცარი). ზამთრის სპორტის სახეობა, რომელშიც შედის ორი დისციპლინა: სლალომი დათოვლილ ფერდობზე განიერი, არშიიანი თხილამურით (სნოუბორდი) და ე.წ. ჰაფ-პაიფი (ინგლ. Halfpipe _ ნახევარმილი) _ დაშვება ნახევარცილინდრულ ღარში აკრობატული ელემენტების შესრულებით. მსოფლიოს ჩემპიონატი იმართება 1996 წლიდან; ოლიმპიური თამაშების პროგრამაშია 1998-იდან.
პირველი სნოუბორდი გამოიგონა ამერიკელმა ჯეკ ბარჩეტმა 1929 წელს, ამ სახეობისთვის თანამედროვე ტიპის თხილამური კი ამერიკის შეერთებულ შტატებში XX საუკუნის 60-იან წლებში შეიქმნა. 1963 წელს ტომ სიმსმა, 1965 წელს კი შერმან პოპენმა თხილამურის საკუთარი ვარიანტები დაამზადეს.
 საქართველოში სნოუბორდით პირველად დაინტერესდნენ 1980-იანი წლების მიწურულს, როცა უცხოელმა ტურისტებმა გუდაურის ფერდობებზე საჩვენებელი დაშვება მოაწყვეს. მამუკა და პალიკო ბურდულების თაოსნობით ჩამოყალიბდა სნოუბორდის პირველი კლუბი, 1992 წელს კი გუდაურში გაიმართა საქართველოს პირველი ღია ჩემპიონატი სლალომში, რომელშიც მასპინძლებთან ერთად მონაწილეობდნენ გერმანელი, შვეიცარიელი, ავსტრიელი და უკრაინელი სნოუბორდისტები. გაიმარჯვეს მამუკა ბურდულმა და ნანა გველებიანმა. მომდევნო ჩემპიონატი მხოლოდ 10 წლის შემდეგ, 2002 წელს ჩატარდა. ამჯერად პროგრამაში იყო ორი დისციპლინა – სლალომი და გიგანტური სლალომი. ამ შეჯიბრების შემდეგ საქართველოში სნოუბორდის მიმდევართა რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა.




ციგაობა

 ციგაობა. ზამთრის სპორტის სახეობა, სწრაფდაშვება სპეციალურ ყინულოვან ტრასაზე ერთი და ორადგილიანი სპორტული ციგებით. ევროპის ჩემპიონატი იმართება 1914 წლიდან, მსოფლიოს ჩემპიონატი _ 1955-იდან; ოლიმპიური თამაშების პროგრამაშია 1964-იდან.
ლიტერატურულ წყაროებში ციგა მოიხსენიება შუა საუკუნეებიდან, ხოლო ცნობები მოციგავეთა პირველი შეჯიბრებების შესახებ XIX საუკუნის შუა ხანებს განეკუთვნება. თანამედროვე სპორტული ციგების, მათ შორის სკელეტონის წინამორბედად მიიჩნევენ ნორვეგიულ ციგას _ აკეს და კანადელ ინდიელებში გავრცელებულ უთავკავო ციგას _ ტობოგანს. პირველი, შედარებით თანამედროვე სპორტული ციგა დაამზადეს 1889 წელს გერმანიაში, ერთი წლის შემდეგ კი ინსბრუკის (ავსტრია) აკადემიური ალპური კლუბის ინიციატივით მოეწყო მოციგავეთა პირველი წარმომადგენლობითი ოფიციალური ასპარეზობაც. მოგვიანებით ციგაობა გავრცელდა ევროპის თხუთმეტამდე ქვეყანაში, აშშ-სა და კანადაში, სადაც ბუნებრივი პირობები მისი განვითარების საშუალებას იძლეოდა. 1924 წლიდან საქმეს სათავეში ჩაუდგა ბობსლეისა და ტობოგანის საერთაშორისო ფედერაციის ციგაობის განყოფილება, რომელიც ადგენდა შეჯიბრების წესებს, მართავდა საერთაშორისო ტურნირებს, ხელს უწყობდა ამ სახეობის შემდგომ გავრცელებას. 1957 წელს განხორციელებულ ორგანიზაციულ ცვლილებებს მოჰყვა ციგაობის დამოუკიდებელი საერთაშორისო ფედერაციის დაფუძნება.
საქართველოში ციგაობა, როგორც სპორტის სახეობა, 1960-იანი წლების მიწურულს გავრცელდა. 1968 წელს ქვიშხეთელმა მოციგავეებმა (ტარიელ ყაზიშვილი, ომარ ჩაჩანიძე, თემურ ქურდაძე, რამაზ ლომიძე) პირველად მიიღეს მონაწილეობა ლენინგრადში გამართულ შეჯიბრებაში, მომდევნო წელს კი დავით ღონღაძესთან, ზაურ ჩადუნელთან და ვალერიან სუთიშვილთან ერთად ცესიში (ლატვია) გამართულ სსრკ ჩემპიონატში გამოვიდნენ. 1970 წელს ბაკურიანში გაიხსნა ციგაობის პირველი სპორტული ჯგუფი ალექსანდრე ქუმარიტაშვილის ხელმძღვანელობით, კოხტაგორის ფერდობზე მოეწყო მარტივი ტიპის 25-მეტრიანი ტრასა. საქართველოს პირველი ოფიციალური ჩემპიონატი გაიმართა ბაკურიანში 1972 წელს. გაიმარჯვეს ელგუჯა გვარამაძემ და ქეთევან თვაურმა. კაცთა შორის პირველი სპორტის ოსტატი იყო ფელიქს ქუმარიტაშვილი, ქალებში _ ქეთევან ჯეირანაშვილი.1974 წელს ბაკურიანში აიგო საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საციგაო ტრასა, სადაც ჩატარდა შეჯიბრებები სსრკ ხალხთა ზამთრის III სპარტაკიადის პროგრამით. ორადგილიანი ციგით III ადგილზე გავიდნენ გიორგი უგრელიძე და რამაზ გურეშიძე. 1989 წელს ინსბრუკში გამართულ ევროპის პირველობაში II ადგილი დაიკავეს კახა ვახტანგიშვილმა და ლევან თიბილოვმა (ორადგილიანი ციგა). 1991 წელს მათ სსრკ ჩემპიონატი მოიგეს. ამ წყვილმა 1994 წელს ლილეჰამერის ზამთრის XVII ოლიმპიურ თამაშებში მე-17 ადგილი დაიკავა.
   

სამთო თხილამურობა

 სამთო თხილამურობა. ზამთრის სპორტის პოპულარული სახეობა, მთიდან თხილამურებით დაშვება სპეციალურ, კარებმონიშნულ ტრასაზე. შეიცავს ხუთ დისციპლინას: სლალომს, გიგანტურ სლალომს, სუპერგიგანტურ სლალომს, სწრაფდაშვებას და კომბინაციას, ანუ ალპურ ორჭიდს.
მსოფლიოს ჩემპიონატი იმართება 1931 წლიდან, მსოფლიოს თასის გათამაშება – 1966-იდან; ოლიმპიური თამაშების პროგრამაშია 1936-იდან.
სამთო თხილამურობა, როგორც სპორტის სახეობა, ნორვეგიაში აღმოცენდა. ნორვეგიული წარმოშობისაა სიტყვა “სლალომიც” (“ჩამომავალი კვალი”, “კვალი ფერდობზე”).  ნორვეგიელები ძველთაგანვე სლალომის ოსტატებად ითვლებოდნენ. ისინი თხილამურებით ეშვებოდნენ ჰოლმენკოლენის მთის კალთებიდან, ამასთან, ფერდობზე მოხვევისა და დამუხრუჭებისას მარჯვედ იყენებდნენ ცალ ჯოხს. XIX საუკუნის დამლევს ნორვეგიაში მოეწყო პირველი შეჯიბრება ქრისტიანინის (ახლანდელი ოსლოს) და ტელემარკის სამთომოთხილამურეთა შორის. როგორც მაშინდელი პრესა იუწყებოდა, ტელემარკელები ეშვებოდნენ წელში გამართულნი, ჯოხის ნაცვლად ხელში ეჭირათ ნაძვის ტოტი, მთის ძირში ეფექტურად მოუხვევდნენ და ჩერდებოდნენ. მოგვიანებით, XX საუკუნის პირველ მეოთხედში, შემოვიდა მოხვევის უფრო სრულყოფილი ტექნიკა პარალელური თხილამურებით.

საქართველოში სამთო თხილამურობა განვითარდა 1930-იანი წლიდან, როცა ჩამოყალიბდა პირველი სათხილამურო სექცია და კავკასიონზე მოეწყო სამთო-სათხილამურო ლაშქრობა (1931). ამ საქმეს სათავეში ედგნენ გიტო გიორგაძე, ალექსანდრე გვალია, გიორგი ბაქრაძე, ვიქტორ მალოვიჩკო. მთიდან დაშვებაში პირველი შეჯიბრება გაიმართა ბაკურიანში 1934 წელს. გაიმარჯვა თბილისელმა გაიოზ კანდელაკმა. მომდევნო წელს ჩატარებულ საქართველოს პირველ ჩემპიონატში სამთო სახეობები მოიგო ალექსანდრე გვალიამ. პირველი სპორტის ოსტატი გახდა ბაკურიანელი ლევან (ლალა) ფანჯიკიძე (1940).  საკავშირო შეჯიბრებებში წარმატებით გამოდიოდნენ მიხეილ გავა, ნიკოლოზ მიქაბერიძე, იბრაჰიმ ჯანგობეკოვი, ლიანა გოგოლაძე, ნათელა ფალიანი, ბორის კახიანი და სხვები. 1994-2002 წლებში ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობდა საქართველოს 4 სამთო მოთხილამურე – ზურაბ ჯიჯიშვილი, სოფიკო ახმეტელი, ლევან აბრამიშვილი და რობერტ მახარაშვილი. მათგან საუკეთესო იყო ჯიჯიშვილი, რომელმაც 1998 წელს ნაგანოს თამაშებზე სამთო კომბინაციაში XIV ადგილი დაიკავა.

საქართველოს სპორტის ზამთრის სახეობათ ფედერაცია. დაფუძნდა 1991 წლის 31 მაისს. 1992 წლიდან სპორტის ზამთრის სახეობათა შესაბამისი საერთაშორისო ფედერაციების წევრია. პრეზიდენტები: იგორ ჩხეიძე (1991-1992), სოლიკო ხაბეიშვილი (1992-95), ზეზვა ღუღუნიშვილი (1995-96), გიორგი თოფაძე (1996 წლიდან).


ჩქაროსნული ციგურაობა

 ჩქაროსნული ციგურაობა (ციგურებით რბოლა). ზამთრის სპორტის სახეობა, ჩქაროსნული რბოლა ციგურებით ყინულზე, დახშულ წრეზე. ევროპის ჩემპიონატი კაცთა შორის იმართება 1893 წლიდან, ქალთა შორის – 1970-იდან; მსოფლიოს ჩემპიონატი კაცთა შორის – 1893-იდან, ქალთა შორის – 1936-იდან; ოლიმპიური თამაშების პროგრამაშია: 1924-იდან – კაცები, 1960-იდან – ქალები.
ციგურაობას მდიდარი ისტორია აქვს. გაყინულ არხებზე ჰოლანდიელ მოციგურავეთა პირველი შეჯიბრებების შესახებ ცნობები XIII საუკუნეს განეკუთვნება. 1676 წელს ჰოლანდიაშივე გამართულა პირველი ოფიციალური ტურნირი. იმ ხანებში სახელდახელო შეჯიბრებები ეწყობოდა სკანდინავიის ქვეყნებშიც, უმეტესად ნორვეგიაში, სადაც 1864 წელს შეიქმნა ციგურაობის მიმდევართა პირველი საზოგადოება. XIX საუკუნის 80-იან წლებში ნორვეგიელებმა კ. ვერნერმა და ა. პაულსენმა შექმნეს სპორტული სარბოლო ციგურები.
მოციგურავეთა საერთაშორისო კავშირის დაფუძნებას (1892) მოჰყვა ევროპისა და მსოფლიო მასშტაბის შეჯიბრებები, ციგურაობის შემდგომი განვითარება ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებში. იმდროინდელი ტურნირების პროგრამაში შედიოდა ოთხი დისციპლინა (500, 1500, 5000 და 10000 მ) – ე.წ. კლასიკური მრავალჭიდი, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად აუცილებელი იყო არანაკლებ სამი დისტანციის მოგება. ამის გამო ხუთ მსოფლიო ჩემპიონატში გამარჯვებული საერთოდ არ გამოვლენილა. მოგვიანებით ეს წესი შეცვალეს და ქულობრივი სისტემა შემოიღეს. 1972 წლიდან კლასიკურის პარალელურად დამკვიდრდა სპრინტერული მრავალჭიდიც (2X500 და 1000 მ).


ყინულის ჰოკეი

 ყინულის ჰოკეი, შაიბიანი ჰოკეი (ინგლ. hockey < ძველფრანგ. hoquet _ მწყემსის კაკვიანი კომბალი). პოპულარული გუნდური სპორტული თამაში ყინულზე. მოთამაშენი ყვანჭებით ერთმანეთს გადასცემენ შაიბას და ცდილობენ მეტოქის კარის დალაშქვრას.
ევროპის ჩემპიონატი იმართება 1910 წლიდან; მსოფლიოს ჩემპიონატი კაცთა შორის _ 1930-იდან, ქალთა შორის _ 1990-იდან; ოლიმპიური თამაშების პროგრამაშია: 1920-იდან _ კაცები, 1998-იდან _ ქალები.
სპორტის სახეობად ჩამოყალიბდა კანადაში. შაიბიანი ჰოკეის წინამორბედად ითვლება ბურთყვანჭიანი ჰოკეი _ ჰოლანდიაში XVII-XVIII საუკუნეებში ფართოდ გავრცელებული თამაში, რასაც ადასტურებს იმდროინდელ ჰოლანდიელ მხატვართა არაერთი გრავიურა და სურათი. ჰოლანდიიდან ყინულის ჰოკეი მოხვდა ინგლისში, იქიდან კი _ კანადაში. პირველი ოფიციალური მატჩი გაიმართა 1875 წლის 3 მარტს მონრეალში, საციგურაო “ვიქტორიაზე”. თითოეული გუნდი 9-9 მოთამაშისგან შედგებოდა, შაიბა ხისა იყო. 1879 წელს მონრეალის უნივერსიტეტის სტუდენტმა უ. რობერტსონმა შეიმუშავა ახალი თამაშის პირველი წესები. მანვე შემოიღო რეზინის შაიბა. 1886 წელს პირველად გამოქვეყნდა თამაშის ოფიციალური კოდექსი, რომელიც რ. სმიტმა შეადგინა. იმავე წელს მოეწყო პირველი საერთაშორისო მატჩი კანადისა და ინგლისის გუნდებს შორის (გაიმარჯვეს კანადელებმა). 1890 წელს ჩამოყალიბდა კანადის ჰოკეის ასოციაცია. ყოველწლიურად იმართებოდა ჩემპიონატები. გამარჯვებულ გუნდს გადასცემდნენ სტენლის თასს, რომელიც 1893 წელს დააწესა კანადის გენერალ-გუბერნატორმა, ბრიტანელმა ლორდმა სტენლი პრესტონმა. სტენლის თასი ჯერ კანადის სამოყვარულო ჰოკეის უმაღლესი პრიზი იყო, შემდეგ _ კანადისა და აშშ-ის პროფესიონალთა გუნდების უმთავრესი ჯილდო. ეს გუნდები 1914 წელს გაერთიანდნენ ჰოკეის ეროვნულ ლიგაში (NHL). უფრო ადრე, 1908 წელს, პარიზში გამართულ კონგრესზე დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, ბოჰემიის, შვეიცარიისა და ბელგიის წარმომადგენლებმა დააფუძნეს ჰოკეის საერთაშორისო ფედერაცია.
      საქართველოში, ისევე როგორც სამხრეთული ქვეყნების უმრავლესობაში, ყინულის ჰოკეი ვერ განვითარდა. თუმცა მისი დამკვიდრება რამდენიმეჯერ სცადეს. პირველად ეს 1960-იან წლებში მოხდა. საქართველოში ორი წლით ადრე შეუდგნენ გუნდის მომზადებას სსრკ ხალხთა ზამთრის პირველი სპარტაკიადისთვის (1962), რომელზეც ყველა რესპუბლიკა საგანგებოდ მიიწვიეს. მოსკოვიდან მოიწვიეს მწვრთნელი ვალენტინ ზახაროვი, 1961 წლის იანვარში კი ბაკურიანში რესპუბლიკის პირველი ჩემპიონატიც გაიმართა. შეჯიბრებაში თბილისის, ბათუმის, ახალქალაქის, ქუთაისის, ადიგენისა და დუშეთის 7 გუნდი მონაწილეობდა. გუნდებში ძირითადად საქართველოში დისლოცირებული სსრკ შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები შედიოდნენ, თუმცა მათთან ერთად ახალი თამაშის დაჭაშნიკება ქართველმა ენთუზიასტებმაც სცადეს. რესპუბლიკის პირველი ჩემპიონის სახელი მოიპოვა ახალქალაქის გუნდმა, რომელმაც ფინალში ბათუმის გუნდს 9:4 მოუგო. მონაწილეობა არ მიუღია თბილისის პირველ გუნდს, რომელიც იმ დროს მოკავშირე რესპუბლიკების ჩემპიონატში თამაშობდა. საქართველოს სახელით გამოსულმა გუნდმა ორჯერ წააგო ესტონეთთან (0:25 და 0:12), მერე კი ბელორუსიისა და უკრაინის ნაკრებებთან დამარცხდა. გათამაშების მეორე ეტაპზე, რომელიც ბაკურიანში გაიმართა, საქართველოს ნაკრებმა კვლავ ყველა მატჩი წააგო, თუმცა უკვე შედარებით საპატიო ანგარიშით (უკრაინასთან _ 2:5 და 0:7, ბელორუსიასთან _ 4:11). საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასეთი იყო: კორძაია (მეკარე), ლეჟავა, სააკაძე, მამალაძე, სტაროსელცევი, სოკოლოვი, დონაძე, კალინინი, ნაცვლიშვილი და ზახაროვი (მოთამაშე-მწვრთნელი).


ქერლინგი

 ქერლინგი (ინგლ. Curling < curl _ ხვეული, დახვევა). ზამთრის სპორტის სახეობა, გუნდური თამაში ყინულზე. მოთამაშეთა მიზანია ქვის დისკოს მოთავსება მოედნის ბოლოს მოხაზული წრის შუაგულში. ევროპის ჩემპიონატი იმართება 1951 წლიდან; მსოფლიოს ჩემპიონატი _ 1978-იდან; ოლიმპიური თამაშების პროგრამაშია 1998-იდან.
ქერლინგის ისტორია შუა საუკუნეებში იწყება. მის სამშობლოდ მიჩნეულია შოტლანდია, თუმცა მსგავსი თამაში ჰოლანდიაშიც იყო გავრცელებული. თამაშობდნენ გაყინულ წყალსაცავებზე, დისკოებად რიყის სიპ ქვებს იყენებდნენ. შოტლანდიაში, სტირლინგში შემორჩენილია ქერლინგის სათამაშო ასეთი ქვა, რომელიც ზედ ამოკვეთილი წარწერის მიხედვით 1511 წლით თარიღდება. შოტლანდიაშივე შემორჩენილია აგრეთვე ქერლინგთან დაკავშირებული 400-მდე ბალადა და სიმღერა. XVII საუკუნის რიყის ქვებს სახელურები გაუკეთეს და ისინი თანამედროვე ქერლინგის დისკოებს დაემსგავსა. XVIII საუკუნეში შოტლანდიაში იქმნებოდა ქერლინგის კლუბები _ პირველი დაფუძნდა 1716 სტირინგსირის საგრაფოს ქალაქ კილსიტში. 1795 წელს ედინბურგში შეიქმნა ქერლინგის ასოციაცია, რომელმაც დიდი როლი შეასრულა სპორტის ამ სახეობის განვითარებაში. 1834 წელს შოტლანდიის ქერლინგის მოყვარულთა კლუბმა პირველად გამოაქვეყნა თამაშის წესები. 1838 წელს დაფუძნდა ქერლინგის გრანდ კალედონიური კლუბი, რომელმაც შეიერთა შოტლანდიის ქერლინგის მოყვარულთა კლუბი და 1842 წელს ქერლინგის სამეფო კალედონიური კლუბი დაერქვა. ეს ორგანიზაცია თამაშის განვითარებასა და წესების უნიფიკაციაზე უკვე საერთაშორისო მასშტაბით ზრუნავდა _ დახლოებით 1750 წელს ბრიტანელმა ჯარისკაცებმა ქერლინგი ჩრდილოეთ ამერიკაში შეიტანეს, სადაც ის მეტად პოპულარული გახდა, განსაკუთრებით, კანადაში. პირველი საერთაშორისო მატჩი გაიმართა 1865 წელს კანადისა და აშშ-ის გუნდებს შორის. XIX საუკუნის მეორე ნახევარში ქერლინგმა პოპულარობა მოიპოვა სკანდინავიაში. 1966 წელს ქერლინგის გრანდ კალედონიური კლუბის ინიციატივით დაფუძნდა ქერლინგის საერთაშორისო ფედერაცია რომელსაც მალე ქერლინგის მსოფლიო ფედერაცია ეწოდა (WCF). 1959 წელს გაიმართა პირველი მსოფლიო ჩემპიონატი. პირველი ოფიციალური ჩემპიონატი ქალთა შორის ჩატარდა 1979 წელს. ოლიმპიურ პროგრამაში ქერლინგი პირველად 1998 წელს ნაგანოში შეიტანეს.

ფრისტაილი

 ფრისტაილი (ინგლ. freestyle, სიტყვასიტყვით _ თავისუფალი, ლაღი სტილი). სამთო-სათხილამურო მრავალჭიდი. შეიცავს სათხილამურო ბალეტს, საჰაერო-სათხილამურო აკრობატიკას და მოგულს.
მსოფლიოს თასი თამაშდება 1978 წლიდან; მსოფლიოს ჩემპიონატი იმართება 1986-იდან; ოლიმპიური თამაშების პროგრამაშია: მოგული _ 1992-იდან, საჰაერო აკრობატიკა _ 1994-იდან.
ფრისტაილი წარმოიშვა XX საუკუნის შუა ხანებში, როცა ცენტრალური ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში სამთომოთხილამურეები გაიტაცა შეჯიბრებამ არა მარტო დაშვების სისწრაფეში, არამედ მოძრაობის, მოხვევის, ხტომისა და სხვა ტექნიკური ელემენტების შესრულების სილამაზეშიც. მისი ფუძემდებლები არიან სპორტსმენები, რომლებიც ტრასაზე ფათერაკებს დაეძებდნენ და სლალომის ტრადიციულ ტექნიკას უგულებელყოფდნენ. მაგალითად, 1990-იანი წლების ერთ-ერთი უძლიერესი მოგულისტი, ფრანგი ედგარ გროსპირონი, რომელიც ფერდობზე მუხლებმიტყუპებული ეშვებოდა, უპერსპექტივობის გამო სამთომოთხილამურეთა გუნდიდან გარიცხეს, ფრისტაილში კი ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.
ახალ სახეობას მრავალი მიმდევარი გამოუჩნდა შვეიცარიაში, იტალიაში, გერმანიაში, საფრანგეთში, ავსტრიაში, აშშ-ში, კანადაში, ევროპისა და ამერიკის სხვა ქვეყნებში. როცა ადგილობრივი მნიშვნელობის სახელდახელო ტურნირები ეროვნულ ჩემპიონატებსა და საერთაშორისო შეჯიბრებებში გადაიზარდა, შეიქმნა წესების უნიფიცირების აუცილებლობა. ახალი წესებით პირველი დიდი ტურნირი 1966 წელს მოეწყო აშშ-ის ქალაქ ატიტაშში. 1979 წელს შეიქმნა ფრისტაილის ტექნიკური კომიტეტი და სპორტის ეს სახეობა FIS-ის ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო შეჯიბრებათა პროგრამაში ჩართეს. 1988 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე (კალგარი) მოეწყო საჩვენებელი გამოსვლები ფრისტაილის სამივე დისციპლინაში, შემდეგი თამაშების პროგრამაში კი (1992, ალბერვილი) ოფიციალურად შეიტანეს ქალთა და კაცთა მოგული. პირველი ოლიმპიური ჩემპიონები გახდნენ დონა უეინბრეხტი (აშშ) და ედგარ გროსპირონი (საფრანგეთი). ლილეჰამერის, ნაგანოს და სოლტ-ლეიკ-სიტის თამაშებში მედლების 4-4 კომპლექტი გათამაშდა: მოგულში (ქალები, კაცები) და საჰაერო აკრობატიკაში (ქალები, კაცები).


ფიგურული ციგურაობა

 ფიგურული ციგურაობა. ზამთრის სპორტის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და სანახაობრივად მიმზიდველი სახეობა. გამოირჩევა საინტერესო მხატვრული პროგრამით, ყინულზე სრიალის მრავალფეროვანი ტექნიკური ელემენტებით, ნახტომისა და ტრიალის კომბინაციებით. ევროპის ჩემპიონატი კაცთა შორის იმართება 1891 წლიდან, ქალთა შორის – 1930-იდან; მსოფლიოს ჩემპიონატი კაცთა შორის -1896-იდან, ქალთა შორის – 1906-იდან; ოლიმპიური თამაშების პროგრამაშია: 1908-იდან (კაცები, ქალები.)
ყინულზე ციგურებით ჰოლანდიაში ჯერ კიდევ XVI საუკუნეში სრიალებდნენ. 300 წლის შემდეგ, XIX საუკუნის 40-იან წლებში, ფიგურული ციგურაობა სპორტის სახეობად ჩამოყალიბდა და გავრცელდა ჯერ ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში, შემდეგ კი _ აშშ-სა და კანადაში. 1850 წელს ამერიკელმა ედუარდ ბუშნელმა პირველმა გამოიყენა ფოლადისპირიანი ციგურები, რამაც გააადვილა ყინულზე მოხვევა და ტრიალი. მეორე ამერიკელმა, ბალეტმაისტერმა ჯაქსინ ჰეინესმა, რომელიც XIX საუკუნის 60-იან წლებში ვენაში ცხოვრობდა, ფიგურულ ციგურაობაში ბალეტისა და ცეკვის ელემენტები დაამკვიდრა. 1865 წელს სანქტ-პეტერბურგში მოეწყო პირველი საციგურაო მოედანი. იმავე პერიოდში ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში გაიხსნა ფიგურული ციგურაობის ათეულობით კლუბი.
      
საქართველოში ფიგურულ ციგურაობას საფუძველი ჩაეყარა 1960 წლის ივლისში, როცა მოსკოვიდან ჩამოსული ცნობილი მწვრთნელი ედუარდ პლინერი სათავეში ჩაუდგა ჩვენში სპორტის ამ სახეობის განვითარებას. ქართველი ფიგურისტები სარბიელზე პირველად გამოვიდნენ 1960 წლის 4 ნოემბერს (ვერის ბაღის კალათბურთის მოედნის ხელოვნურ ყინულზე, რომელიც საგანგებოდ მოამზადეს მოსკოვის საბალეტო დასის გასტროლებისათვის), იმავე წლის დეკემბრიდან კი ვარჯიში ბაკურიანში გააგრძელეს. საქართველოს პირველი ჩემპიონატი გაიმართა 1961 წელს. ერთეულთა თანრიგში გაიმარჯვეს ირინა არხანგელსკაიამ და ირაკლი ჯაფარიძემ, რომელმაც შემდეგ (1963) სსრ კავშირის ჭაბუკთა პირველობაც მოიგო.
1964 წელს თბილისში აშენდა საქართველოში პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი ხელოვნურსაფრიანი საციგურაო დარბაზი. იქვე გაიხსნა სპორტული სკოლა (პირველი დირექტორი _ ნოდარ ნათაძე), სადაც არაერთი ნიჭიერი მოციგურავე დაოსტატდა. ახალი თაობის ფიგურისტთა შორის გამოირჩეოდნენ მარინე ცერცვაძე და ლია გაბელია. ცერცვაძემ საბჭოთა სპორტსმენთაგან პირველმა შეასრულა სამმაგი ბრუნი _ სალხოვი (1973, როსტოვი, სსრკ ჩემპიონატი), ზედიზედ ორჯერ (1975, 76) მოიპოვა სსრკ თასი. გაბელაია საუკეთესო იყო იუგოსლავიის ქალთა საერთაშორისო ტურნირში (1976). 70-80-იან წლებში საბჭოურ და ევროპულ შეჯიბრებებში წარმატებით გამოდიოდნენ მიხეილ სიხარულიძე, გია შანყულაშვილი, ონისე რუხაძე, ნელი დვალიშვილი, ანდრეი ტოროსიანი.
პირველი ფიგურისტი, რომელმაც დამოუკიდებელი საქართველოს სახელით მონაწილეობა მიიღო ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებში (1994), იყო ბესარიონ ცინცაძე. შემდეგ სარბიელზე გამოჩნდა ვახტანგ მურვანიძე, რომელმაც ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ტურნირში (1997) ვერცხლის მედალი მოიპოვა, ხოლო სოლტ-ლეიკ-სიტის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში (2002) მე-17 იყო. 1999 წლიდან საერთაშორისო შეჯიბრებებში ჩაება საქართველოს პირველი მოცეკვავეთა წყვილი (თორნიკე ტუკვაძე, ტატიანა სინიავერი).



ზამთრის სილამაზე