ზამთრის დღესასწაულები


                          ახალი წელი მსოფლიოში


როგორ ხვდებიან ახალ წელს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში  
 ჯადოსნურ დღესასწაულს ახალ წელს აღნიშნავენ თითქმის ყველაგან  მსოფლიოში, მაგრამგანსხვავებულად.  ყოველ ქვეყანაში არსებობს მისი შეხვედრის განსაკუთრებული, საკუთარი ტრადიციები და ადათ–წესები. მაგალითად, თუ ევროპაში ახალი წლის დაწყებას აღნიშნავენ 1 იანვარს, ბირმაში ის დგება 1 აპრილს, ესკიმოსებთან პირველი თოვლის მოსვლისთანავე. მაგრამუფრო გასაოცარია ის რომ ინდოეთში ახალ წელს აღნიშნავენ წელიწადში რვაჯერ.
  გამოიცანით, რომელ ქვეყანაში არიგებენ საახალწლო საჩუქრებს  საცურაო კოსტიუმებში გამოწყობილი თოვლის ბაბუა და ფიფქია? ეს ხდება ავსტრალიაში :) რადგან 1 იანვარი აქ ემთხვევა წლის ყველაზე ცხელ დროს.
     სხვადასხვა ქვეყნებში განსხვავებულად აღნიშნავენ ახალი წლის მოსვლას, მაგრამ ყველას აერთიანებს ერთი რამ – ეს არის ლამაზი და მხირული დღესასწაული, რომელიც უკავშირდება მომავლის იმედებს, სურვილებსა და ოცნებებს. ვინ როგორ ჩაუთქვამს სურვილს, ვინ როგორ აცილებს ძველ წელს  და ეგებება მომავალს

ბულგარეთი
    ბულგარეთში სტუმრები, ნათესავები იკრიბებიან ახალ წელს სადღესასწაულო სუფრასთან და  ყველა სახლში საახალწლოდ 3 წუთით ქვრება შუქ. ამ დროს როდესაც სტუმრები აღმოჩნდებიან სიბნელეში უწოდებენ საახალწლო კოცნის წუთებს, რომელთა საიდუმლოს ინახავს სიბნელე.
მაგიდის ცენტრალურ ადგილას აუცილებლად განთავსდება დიდი საშობაო ღვეზელი პატარა „სიურპრიზებით“ (ღვეზელის მომზადებისას მათ სპეციალურად ანთავსებენ ღვეზელის ცომში), „სიურპრიზები“  სუფრასთან შეკრებილებს უწინასწარმეტყველებენ ბედნიერებას, სიმდიდრეს, დაოჯახებას, წარმატებას...
დანია
   დანიაში საახალწლოდ მიღებულია სათამაშო ნაძვის ჩუქება: რბილი ნაჭრისგან ან ხისგან დამზადებული ნაძვის ხე, რომლის ტოტებში იმალება ტროლი– ხის სული. საახალწლო სუფრაზე აუცილებლად იდგმება ჯამი ბრინჯის ფაფით. საახალწლო კერძებში განთავსებულია თხილის გული, ქალიშვილი კი რომელიც მას იპოვის აუცილებლად გათხოვდება მომავლ წელს– ასე სჯერათ დანიელებს. 
იტალია
    იტალიაში ტრადიციულად ახალ წელს თავისუფლდებიან ძველი ნივთებისგან. რაც უფრო მეტი ძველი ნივთია გადაგდებული საახალწლოდ მით უკეთესია. სწორედ ამიტომ ახალი წლის ღამეს აქ  ფანჯრებიდან ცვივა ძველი ნივთები, და უნდა იყოთ ფრთხილად თუ არ გსურთ რომ თავზე დაგეცეთ უთო ან ხის მაგიდა :) ითვლება, რომ განთავისუფლებულ ადგილს აუცილებლად დაიკავებენ ახალი ნივთები. იტალიელებს აქვთ კიდევ ერთი საინტერესო ტრადიცია– ახლობლებს ჩუქნიან წითელი ფერის თეთრეულს, რადგან სწორედ წითელი ფერი წარმოადგენს სიახლის სიმბოლოს. პატარა იტალიელები საჩუქრებს ელოდებიან ქალი „თოვლის ბაბუისგან“, ეს არ არის ფიფქია. როგორც წესი ის ხანდაზმული ქალბატონია სახელად  „ლა ბეფანა“, რომელიც საჩუქრებს არიგებს 7 იანვარს.
ავსტრია
    ავსტრიაში მცნებათა წიგნის მიხედვით აუცილებელია ახალ წელს მოისმინო წმინდა სტეფანეს ტაძარზე აღმართული „მსოფლიო ზარების“ სადღესასწაულო რეკვა.  ამიტომ ათასობით ადამიანი 31 დეკემბერს იკრიბება ტაძრის მოედანზე.
ძველად კი ბედნიერების მომტანად ითვლებოდა საახალწლოდ საკვამურის მწმენდავთან შეხვედრა. ვინც მას შემთხვევით შეეხებოდა და მოისვრებოდა  აუცილებლად ექნებოდა წარმატებული ახალი წელი.

ავსტრალია
ავსტრალიაში საახალწლოდ თოვლის, ნაძვის ხის და სხვა საახალწლო ჩვეული ატრიბუტების უქონლობის გამო, თოვლის ბაბუა ჩნდება სიდნეის სანაპიროზე სპეცილურად მორთულ სერფერზე გამოწყობილი საცურაო კოსტიუმში. თუმცა საახალწლო  ტრადიციები ნაწილობრივ დაცულია, მას აუცილებლად აქვს თეთრი წვერი და ახურავს  სანტა კლაუსის წითელი ქუდი :)
საახალწლო საღამოს დიდი კომპანიებით მიღებულია რესტორნებსა და ბარებში დროის ტარება ულამაზესი სალიუტების თანხლებით. ავსტრალიული ახალი წელის კიდევ ერთი დიდი განსაკუთრებულობაა– მისი აღნიშვნის ხანმოკლე დრო. ის მთავრება შუაღმის დადგომასთან ერთად. ავსტრალიელები როგორც წესი დგებიან დილის 5–6 საათზე, მიუხედავად დასვენების დღეების და დღესასწაულებისა, ხოლო იძინებენ არაუგვიანეს 10 საათიას. ასე რომ საახალწლო ღამე თავისთავად უკვე გამონაკლისია. თუმცა 00:10 ყველა უკვე ლოგინშია.


ჩინეთი
     ახალი წელი ჩინეთში ტრადიციულად ცხადდება ღარიბების დღესასწაულად. ღარიბებს და მოხეტიალე ადამინებს ამ დღეს შეეძლოთ უსაფრთხოდ შესულიყვენენ ნებისმიერ ყველაზე მდიდრულ სახლშიც კი და ამოერჩიათ ის ნივთი, რომელიც ყველაზე მეტად სჭირდებოდათ.ახალი წელი ჩინეთში აღინიშნება 17 იანვარსა და 19 თებერვალს შორის, ახალ მთვარობისას.ქუჩაში საახალწლო მსვლელობები– დღესასწაულის ყველაზე თვალთწარმტაცი ნაწილია. აქ რთავენ ქუჩებს ფანრებით, რომლებსაც აუცილებლად აქვთ ჰოროსკოპის მიხედვით 12 ცხოველის ფორმა. წელიწადის სიმბოლო (წლის ჰოროსკოპის ნიშანი) კი საახალწლო ფანრების ძირითადი თემაა. 
 იაპონია
  იაპონიაში ახალ წელს აღნიშნავენ 1 იანვარს. აუცილებელ ადათს წარმოადგენს ძველი წელის გასტუმრება სახლში ან რესტორანში ახლობლებთან ერთად.
ახალი წლის დადგომის მომენტში იაპონელები იცინიან, რადგან სჯერათ რომ სიცილი აუცილებლად მოუტანთ წარმატებას მომავალ წელს. პირველ საახალწლო ღამეს მიღებულია ტაძრებში წასვლა. ამ დროს მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე ისმის  ზარების რეკვა. ტაძრებში რეკენ ზარებს, სულ 108–ჯერ. იაპონიაში ითვლება, რომ ყოველ ადამიანს გააჩნია 6 ნაკლი: გაუმაძღრობა, სიავე, სისულელე, ქარაფშუტობა, გაუბედაობა და სიხარბე. თითოეულს გააჩნია 18 განსხვავებული ელფერი. ზარის ყოველ დატრყმას მოსდევს ადამიანის გაწმენდა მტანჯველი ნაკლისგან.
ახალი წლის პირველ დღეს იაპონელები გამოდიან საახალწლო მილოცვებით ქუჩებში, ცვლიან საჩუქრებს. მთელ დღეს იაპონელები ატარებენ ქუჩაში, ულოცავენ ერთმანეთს დღესასწაულს, მღერიან, ცეკვავენ. დაბნელებისას კი უბრუნდებიან სახლებს, რომ დღესასწაულის დარჩენილი საათები გაატარონ სახლში ოჯახის და ახლობლების წრეში.  
  ინდოეთი
    ინდოეთი ერთერთი ყველაზე განსხვავებულია ახალი წლის შეხვედრის  ტრადიციით. უფრო სწორედ კი, მეტად განსხვავებულია ამ დღესასწაულის აღნიშვნის რიცხოვნობა ვიდრე თავად აღნიშვნის ტრადიცია. ინდოეთში ახალ წელს ხვდებიან წელიწადში 8–ჯერ. ერთერთ ასეთ დღეს უწოდებენ ინდურ„გუდი პადვას“. ამ დღეს ყველა მხიარულობს და ამზადებენ განსაკუთრებულ კერძებს.   მკაცრად აკრძალულია უხეშობა და სხვისი შეურაცყოფა. ამ დღეს ინდოელები დგებიან მზის ამოსვლასთან ერთად, ეწყობაინ სადღესასწაულოდ , შემდეგ კი ფიქრობენ თავის წარსულ საქციელზე, ქმედებებზე და როგორ გამოასწორონ ის რაც გააფუჭეს გასულ წელს. დღისით იწყება დღესასწაული ქუჩებში: სხვადასხვა ღონისძიებები, ქუჩის სპექტაკლები, შეჯიბრებები, ტრადიციული საჰაერო ფრანის გაშვება. 
ინგლისი
   შუა საუკუნეებში ინგლისში ახალ წელს ხვდებოდნენ გაზაფხულზე– 1 მარტს.
საახალწლო მისალოცი ბარათების ტრადიცია წარმოიშვა ინგლისში. ინგლისში და ამერიკის შეერთებულ შტატებში საყვარელ ოჯახურ დღესასწაულად ითვლება შობა.
ახალ წელს ინგლისელები ტრადიციულად გამოდიან მთავარ მოედანზე, რომ მიულოცონ ერთმანეთს ახალი წლის დადგომა ბიგ–ბენის ზარების რეკვის ფონზე.
გერმანია
   გერმანიაში უმთავრეს და უსაყვარლეს დღესასწაულად ითვლება ქრისტეშობა.სწორედ გერმანიას უნდა უმადლოდეს მსოფლიო ულამაზესი ტრადიციის არსებობისთვის– ეს არის ნაძვის ხის მორთვა. შუშის ნაძვის ხის სათამაშოების და ხელოვნური ნაძვის ხეების არსებობაც  სათავეს იღებს სწორედ გერმანიაში.
    საშობაო მაგიდას გერმანიაში აფარებენ  აუცილებლად ქათქათა თეთრ სუფრას, ალამაზებენ მას ნაძვის პატარა ტოტებით, არომატული სანთლებითა და სხვადასხვა სუვენირებით.საშობაო სუფრის აუცილებელ ატრიბუტს წარმოადგენს სხვადასხვა ფორმის საახალწლო ფხვიერი ნამცხვრები და მარცეპანის კანფეტები.ახალი წელი კი გერმანიაში– მეორეხარისხოვანი დღესასწაულია. ტრადიციული საახალწლო ვახშამი იწყება საღამოს 8 საათზე და მთავრდება შუაღამეს. საახალწლო მილოცვით ჭიქების აწევა კი წარმოადგენს სადღესასწაულო ტრაპეზის დასასრულის ნიშანს.
საფრანგეთი
   საფრანგეთის რევოლუციის დროს ახალ წელს ფრანგები აღნიშნავდნენ 22 სექტემებერს– რესპუბლიკის დაარსების დღეს.შობა და ახალი წელი საფრანგეთში – ეს არის კულინარული ფანტაზიების ნამდვილი დღესასწაული. სადღესასწაულო სუფრის აუცილებელი ატრიბუტია ცნობილი ფრანგული შამპანური– მხიარულების და დროსტარების დედაბოძი.  ბოსტნეული, ხილი, მწვანე სალათი, შებოლილი ორაგული, ხიზილალა და რა თქმა უნდა „ფუა–გრა“ (ცნობილი პაშტეტი მომზადებული ბატის ღვიძლისგან). ცხელი კერძის სახით საშობაო სუფრას აუცილებლად ამშვენებს შემწვარი დედალი ინდაური და ხამანწკები– ფრანგების ნაციონალური სიამაყე. სადღესასწაულო დესერტს წარმოადგენს ცნობილი საშობაო ნამცხვარი „შეშა“(ტორტი ცუკატებითა და ქიშმიშით) და შოკოლადი.







             ყველაზე უცნაური საახალწლო ტრადიციები მსოფლიოში

    საინტერესოა როგორ ხვდებიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ახალ წელს, სადამდე წვდება ადამიანთა ფანტაზია და რამდენად სახალისოა ესა თუ ის ტრადიცია მსოფლიოს გარშემო.
გერმანია
  როდესაც უცნაურ საახალწლო ტრადიციებზეა საუბარი გერმანელები და ავსტრიელები ნამდვილი ჩემპიონები არიან ამ მხრივ, აღნიშნული უცნაურობის აშკარა გამოვლინებაა ტრადიცია სახელად “ტყვიის ჩამოსხმა”, აღნიშნულ ტრადიციას “წინასწარმეტყველების” ფუნქცია გააჩნია, გერმანელები და ავსტრიელები იღებენ ტყვიის ნაჭერს, ადნობენ კოვზზე და შემდეგ ასხავენ წყლით სავსე ჭურჭელში, იმის მიხედვით თუ რა ფორმას მიიღებს უკვე გაცივებული ტყვია დგინდება თუ რა მოხდება შემდეგ წელს, მაგალითად თუ ტყვიამ ბურთის ფორმა მიიღო და დამრგვალდა ეს ბედნიერ და კარგ მომავალ წელს პროგნოზირებს, თუ ტყვიამ გამოსახა ღუზა, თქვენ მომავალ წელს ბევრი დახმარება დაგჭირდებათ და თუ მოხდა ისე, რომ წყალში ჯვრის ფორმა გამოისახა თქვენ ნამდვილად არ გაგიმართლათ, უკაცრაცვად მაგრამ თქვენ გელით სიკვდილი!!!


ეკვადორი
  ნამდვილად არასასიამოვნო მომენტია, როდესაც ვინმე თქვენ ფოტოს წვავს, მაგრამ სამხრეთ ამერიკის ქვეყანა ეკვადორში აღნიშნული ფაქტი ნამდვილი დღესასწაულია, ადგილობრივები აგროვებენ სურათებს, რომლებზეც წინა წლის მოვლენები და ფაქტებია ასახული, აგროვებენ და წვავენ, ეს კი ძველთან და არასასიამოვნოსთან განშორების სიმბოლოა.


მექსიკა და ბოლივია
   მექსიკაში და ბოლივიაში ყველაფერი გაცილებით სასიამოვნო და სახალისოა, თუმცა არანაკლებ უცნაური, ახალ წელს ამ ორ ქვეყანასი ფერადი ტრუსებით ხვდებიან, მექსიკაში ვისაც სურს, რომ მომავალ წელს იპოვოს საბედო იცვამს წითელ ტრუსს, თუ სურს რომ უბრალოდ ბედნიერი წელი ჰქონდეს იცვამს ყვითელს, ბოლივიაში ტრადიცია ძალიან მსგავსია, თუმცა განსხვავება დროშია, ბოლივიელებს სჯერათ, რომ 12 საათის დადგომისთანავე თუ სწრაფად გაიქცევიან და გამოიცვლიან თავიანთ ტრუსებს მით უკეთეს ახალი წელი ექნებათ.


ფილიპინები
   თუ მექსიკელები და ბოლივიელები მხოლოდ სიყვარულს და ბედნიერებას ეძებენ, ფილიპინელებს სრულიად სხვა მიზნები აქვთ მომავალი წლისათვის, ისინი ტანსაცმელზე ქარგავენ ან ხატავენ მრგვალი ფორმებს და ჩუქურთმებს, ეს მათთვის ფულის მომასწავლებელია, ფილიპინელები მომავალ წელს ჯეკპოტის მოგებას გეგმავენ და გათვლა ფულზეა ორიენტირებული.




ჩილე
   ეს უკვე უცნაური არა, ეს მართლაც საოცრებაა, ჩილეს ქალაქ ტალკაში ახალი წლის დადგომამდე რამოდენიმე ხნით ადრე ქალაქის მოსახელობა მიდის სასაფლაოზე და ჯდება მათი მიცვალებულების საფლავებთან, ზის და ელოდება ახალი წლის დადგომას, აი როგორ უნდა აღნიშნო ახალი წლის დადგომა მთელი ცხოვრება, საინტერესოა სააღდგომო ტრადიცია როგორიღა იქნება.


დანია
  დანია, კოპენჰაგენი, 1 იანვარი, დილის 8 საათი, გამოდის დანიელი ტომასონი, ან ინგმარსონი სახლიდან და მის კართან უამრავი ძველი საჭმელი ყრია, ეს მას სულაც არ უკვირს და გზას აგრძელებს, მან იცი რომ ეს მისი მეგობრების ნამოქმედარია, ტრადიციულად დანიაში მეგობრები ერთმანეთს საჭმელებს უყრიან კარებთან, თუმცა ეს სასიამოვნო იქნებოდა საჭმელი ახალი და დაუზიანებელი რომ ხვდებოდეთ დილით კართან.



პუერტო რიკო
  და ბოლოს ჯენიფერ ლოპესის სამშობლო პუერტო რიკოში შედარებით სასიამოვნო და სუფთა ტრადიცია სცოდნიათ, ისინი მთელი სახლის დალაგებას და დასუფთავებას იწყებენ 31 დეკემბერს და 1 იანვარს ასრულებენ, ისინი რეცხავენ და წმენდენ ყველაფერს რათა წინა წლის ჭუჭყი შემდეგ წელში არ გადაიყოლონ.





                   ახალი წელი საქართველოში




თუშეთი
ზამთრის სადღესასწაულო რიტუალებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანია ახალი წლის შეხვედრა, რომელსაც ხალხი თავის ოჯახის ბედს თუ უბედობას უკავშირებს. ამიტომ თუშებიც თავიანთ “წელწდობას” მოწიწებით ეგებებიან.
საახალწლოდ თუშეთის სოფლებში არაყს ხდიან და ლუდს ადუღებენ. ოჯახებში აცხობენ ერთ გულიან კოტორს “ქრისტეს საგძალს”, კაცზე “ბაცუკაცს” და ქალზე – მრგვალ კვერს. აცხობენ აგრეთვე დამახასიათებელ ნიშნებიან საქონლის კვერებს. ხარისას რქები აქვს, ძროხისას – ძუძუები, ცხვრისას – დუმა, ცხენისა კი ნალის ფორმის არის. ყველა ამ კვერს ხონზე დაალაგებენ და ზედვე დებენ: მატყლს, მარილს, ყველს, ერბოს და ამ სუფრას მეკვლის მოსვლამდე ხელს არავინ ახლებს. დიასახლისი აგრეთვე აცხობს სახლის ანგელოზის ან ფუძის ანგელოზის კვერს და “კერის კვერს.”
საახალწლოდ ირჩევენ მეკვლეს, რომელსაც მოაქვს პური და ამ პურზე უწყვია: ერბო, ყველი, მატყლი და რაიმე ტკბილეული. მეკვლეს ხელში არაყიც უჭირავს. ოჯახში შემოსვლისას პურს შემოაგორებს და იტყვის: “შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი, ფეხი ჩემი კვალი ანგელოზისა, კაი წელი გამოგეცვალოთ მრავალი. ერთი ესე, ათასი სხვა. გაგიმრავლოთ შინ ოჯახი, გარეთ საქონი!”
ხევსურეთი
ხევსურები ახალ წელს “წელწადს” უწოდებენ და მას დიდი სამზადისით ეგებებიან. ოჯახებში საახალწლო არაყს ხდიან, ხატში დასტურები ლუდს ხარშავენ. დიასახლისი საახალწლო კვერებს აცხობს. ყველაზე დიდი სამეკვლეო კვერია, რომელზედაც გამოსახულია ჯვარი, კაცი, სახნისი, ხარი, ძროხა, ცხენი, ქერის თავთავი და სხვა. სამეკვლეო კვერს გამოცხობის დროს უცქერიან და, რომელი გამოსახულებაც აიწევს, იმ წელიწადს ის იქნება მრავალი და დოვლათიანი. შემდეგ დიასახლისი ოჯახის ყველა წევრისათვის აცხობს ბედის კვერებს: თითოეულს თავისი ნიშანი აზის და გამოცხობის დროს, ვისიც აფუვდება, ის ბედიანი და ყისმათიანი იქნებაო.
ახალწელიწადს მამაკაცები ხატში იკრიბებიან და აქ ხატის დარბაზში დროს სმასა და მოლხენაში ატარებენ.

ფშავი
მამლის პირველი ყივილისას დიასახლისი დგება, ჯალაბს ნაყრად (საგზლად) ხმიადს გამოუცხობს, ხონჩაზე დადებს და მას კერის პირზე მიდგამს, გარშემო თაფლ-ერბოიან ჯამებს შემოუმწკრივებს. ოჯახიდან ერთი წყალზე წავა, თან “ნაყრს” – ყველს და პურს წაიღებს. იქ წყალში ჩააგდებს და სამჯერ იტყვის: “წყალო, ნაყრი მოგიტანე, ბედი გამომაყოლეო.” ამ წყალსაც დიასახლისი სუფრასთან მიდგამს, სუფრას სახელს შესდებს და დაილოცება. ამის შემდეგ ოჯახის წევრებს თაფლს და ხილს შეაჭმევს, “დააბერებს” და ერთმანეთს ეტყვიან: “ეგრემც ტკბილად დამიბერდიო”. გადმოიღებენ ხმიადებს, წვნიან ჯამებს და საუზმობენ. ოჯახი უცდის წინა ღამეს ხატში წასული ღამისმთევლების გამობრუნებას, მეკვლეს შემოსვლას და ოჯახიდან არავინ გადის. დიასახლისი ქვაბს ჩამოჰკიდებს და ხინკლის კეთებას შეუდგებიან.
მესხეთ-ჯავახეთი
საღამო ჟამს დიასახლისი შეუდგებოდა საახალწლო კვერების გამოცხობას. პირველად გამოაცხობდნენ ბასილას, რომელსაც გრძელი წვერი და ნიგვზის თვალები ჰქონდა. შემდეგ აცხობდნენ: “ხარის ქედის” მრგვალ კვერებს, ცხვრის “ბუჟუნას”, რომლის ცომსაც სახრეზე დაახვევდნენ და ისე გამოაცხობდნენ, “ბედის პური” ცხვებოდა დიდი და შიგ ატანდნენ თეთრ აბაზიანს.
შემდეგ დიასახლისი აცხობდა “ბანის პურებს” და “ქათამ-წიწილას” პურებს, რომელსაც ვაშლის ფორმა ჰქონდა და გარშემო ცომის ნისკარტებს უკეთებდნენ. აცხობდნენ სამეურნეო იარაღების ბედის კვერებსაც: ცელს, გუთანს, ძროხის ძუძუებს, პურის ორმოს, ქერისას და დიკისას.
ამის შემდეგ სახლის უფროსი კვერებს საახალწლო ტაბლაზე დაალაგებდა. შუაში ესვენა ბასილა, რომელსაც ხელები გულზე ჰქონდა გადაჯვარედინებული. თავთან და ფეხებთან ბასილას ბანის პურებს დაუდებდნენ. ტაბლაზე დადებდნენ თაფლიან ჯამს, ჰალვას, გოზინაყს და ტყვიას. ამ ტაბლას ოჯახის უფროსი კერასთან მიდგამდა.
მამლის ყივილისას ამ ტაბლას აიღებდა, ავიდოდა სახლის ბანზე და დარბაზის გვირგვინს სამჯერ შემოუვლიდა ლოცვით; “ერდოსა შენსა შემოვდგი ფეხი, ჩემო ცოლშვილო გწყალობდეს ღმერთი, ფეხი ჩემი, კვალი ანგელოზისა, გწყალობდეს წმ. ბასილას მადლი.”
საინგილო
საინგილოში საახალწლოდ დაამზადებენ ხონჩას; დააწყობენ ზედ პურებს, ლავაშს, დადგამენ ჯამით თაფლს, ერბოს, ღვინოს, ბამბის წითელ და თეთრ ძაფებს და სახლის-დიდთან ერთად წავლენ ვენახის საკვლევად. მივლენ ერთ კარგ მოსავლის მომცემ ვაზთან. სახლის უფალი ჯერ გასხლავს ვაზს, მერე ააგებს, ჭიგოების ჩარჭობის დროს ნიადაგს ღვინით მოალბობენ; იგივე უფროსი ვაზის ძირში დაკლავს წითელ ფრთოსან მამალს, წითელ ფრთებს მოაგლეჯს და ბამბის ძაფით ამ ფრთებს ჭიგოსა და ვაზზე მიაკრავს და თან იტყვის: “ღმერთო, ქურმუხის საყდარო, შენ ნუ მოგვაკლებ ქვევრებში წითელ ღვინოსა.” თითო ლუკმა პურს ამოაწებენ თაფლსა და ერბოში, შეჭამენ, ცოტა ღვინოს მოსვამენ და შინ დაბრუნდებიან. ახალი წლის დღეს ინგილოებმა სადილი იციან ადრე. უფრო ქათმის წვენსა და ფლავს აკეთებენ. სადილად მოელიან გარეშე მეკვლესაც, რომელიც უნდა იყოს ვინმე ბედისგან დაუჩაგრავი, ან ნათესავი, ან ნაცნობი. მანამ მეკვლე არ ეწვევათ, არავის მიიღებენ სახლში.
გურია-სამეგრელო
გურია-სამეგრელოში ახალი წლის პირველ დღეს “კალანდა” ეწოდება და მას თოფების სროლით ეგებებიან.
სამეგრელოში ახალ წელს დილაადრიან ოჯახის უხუცესი მამაკაცი ხელში მორთული ჩიჩილაკით და ღომის მარცვლიანი ჯამით, რომელზეც კვერცხი დევს, სახლიდან გარეთ გადის ახალი წლის მოსალოცად. გარკვეული რიტუალის შესრულების შემდეგ სახლში შემოდის, ჩიჩილაკს კუთხეში მიაყუდებს, ჯამს იქვე მიუდგამს და თვითონ საახალწლო ტაბლას მიუჯდება, რომელზეც ალაგია: ღორის თავი, ბასილა თავის ხაჭაპურებით, ხილი და სხვა. საუზმის დაწყებამდე მეკვლე ოჯახის ყველა წევრს ტკბილეულით “დააბერებს.” საუზმის შემდეგ კი დაიწყება თუთის წკნელებით საახალწლო მილოცვები.
ახალწელიწადს გურიაში მამლის ყივილზე მთელი ოჯახი ფეხზე დგება. მამაკაცები ღორის თავს, ბასილას, სანოვაგით დატვირთულ საახალწლო გობს,
მორთულ ჩიჩილაკს და ცარიელ ჩაფს იღებენ და მარნისკენ გაეშურებიან.
მარანში შესვლისას ოჯახის უფროსი ხმაამოუღებლად დადგამს მიწაზე საახალწლო გობს, ჩაფს ღვინით გაავსებს და დაჩოქილი შესთხოვს წმინდა ბასილას ოჯახის ბედნიერებას. შემდეგ მეკვლე გობიდან კაკალს იღებს და წმ.ბასილას ეხვეწება, რომ ამ კაკლივით მისი ოჯახი ყოველივე სიკეთით აავსოს. ბოლოს ღორის თავს აიღებს, საწნახელს სამჯერ მიარტყამს და თან ყვირის: “აგუნა, აგუნა, მიეც ჩვენს სამშობლოს ღვინო და სხვებს ფურცელი”-ო. ამის შემდეგ პროცესია სახლისკენ გაემართება და ოჯახის წევრებს ულოცავენ.
რაჭა
ზემო რაჭაში საახალწლოდ ორ ბაჭულს აცხობენ, ერთს ახალი წლისთვის, მეორეს – ძველისთვის. აცხობენ აგრეთვე ადამიანის სახის კაც-ბასილას და ერთ დიდ პურს “კერია-ბერია”-ს, რომელსაც სხვადასხვა სახეებით აჭრელებენ. ამ ნამცხვრებს ოჯახის უფროსი ცხრილზე დაალაგებს და ბეღელში შეინახავს. მამლის პირველი ყივილისას “მაკვრიელი” ან მეკვლე ცეცხლს დაანთებს. შემდეგ გარეთ გავა, მარხილზე დაწყობილ ნეკერს მოტეხავს, ჩიჩილაკს აიღებს და ბეღელში შევა. შემდეგ შინ შემოვა ლოცვით “შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი. დიამც მამივა ახალი წელი: შეძენის და მოგების, მშვიდობის და კარგად ყოფნის, ვაჟიანობის, ღვინიანობის, პურიანობის”, შემდეგ წყლის მოსატანად წავა. მის დაბრუნებამდე ყველანი დგებიან. მეკვლე ყველას ხელპირს დააბანინებს. საუზმის დროს კი ოჯახის ყველა წევრს “კერია-ბერია”-ს უნაწილებენ.
სვანეთი
ახალწლის ღამეს სვანები სხვადასხვა სანოვაგეს გიდელში ჩაალაგებენ და სახლის გასავალ კარებზე ჩამოკიდებენ, რომ მეკვლეს მზად დახვდეს. მეკვლე კარებზე დააკაკუნებს შემდეგი სიტყვებით: “ყორ მუკიარ, ყორ მუკიარ (კარი გააღეთ) ღერ თემიში იხელწიფი ჟორ ამღვე, ყორ მუკიარ (ღვთისა და ხელმწიფის წყალობა მომაქვს, კარი გამიღეთ).” სახლში შესვლისას კერას სამჯერ შემოუვლის, დიდ ჯვარიან პურზე დააწყობს ტკბილეულს და ვერცხლის ფულებს, უფროს-უმცროსობით ყველას დაუვლის და დღესასწაულს ულოცავს.
ქართლი
ქართლში თავდაპირველად აცხობენ ბასილას ქანდაკებას, ოჯახის თითოეული წევრისთვის ორ-ორ ბედის კვერს და თითოს შინაური ცხოველებისთვის. გამთენიისას ოჯახის უფროსი ხონჩაზე ღორის თავს დადებს, ირგვლივ ბედის კვერებს შემოუწყობს და ზედვე ბასილას ქანდაკებას დაასვენებს. ხონჩის ერთ გვერდზე “დასაბერებლად” თაფლში ამოვლებულ პურის ლუკმებს ჯამით მოათავსებს და ანთებულ სანთლებს მიაკრავს. ამ საახალწლო ხონჩას ქართლში “აბრამიანს” უწოდებენ.

ქრისტეს შობა

უფალო, დიდება შენდა!
 
 როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო. ამ აღთქმაში ყოვლადწმინდა ქალწულის შესახებ წინასწარმეტყველებაც იყო: „თესლი დედაკაცისა დათრგუნავს თავსა გველისასა“. ჩვენი მხსნელის ყოვლადწმინდა დედის შესახებ ეს პირველი სასიხარულო უწყება ბევრჯერ განმეორდა, რათა ადამიანები მესიის მომავალი მოსვლისათვის მოემზადებინა.

ქრისტეს შობამდე მხსნელის მოვლინების საყოველთაო მოლოდინი სუფევდა. იუდეველები ამ მოვლენას წინასწარმეტყველების მიხედვით ვარაუდობდნენ. წარმართები ასევე მოუთმენლად ელოდნენ გამოხსნას ურწმუნოებისა და ყოველგვარი ურჯულოებისაგან. ყველა წინასწარუწყება და წანასწარმეტყველება, რომელიც ძე ღვთისას განკაცებასთან იყო დაკავშირებული, აღსრულდა. პატრიარქმა იაკობმა იწინასწარმეტყველა, რომ იუდას ტომი სკიპტრას დაკარგავდა, წინასწარმეტყველმა დანიელმა გვაუწყა, რომ ქრისტეს მეუფება დადგება მას შემდეგ, რაც ჩამოყალიბდება სამეფო მყარი, როგორც რკინა, რომელიც ყველაფერს დააქცევს და დაარღვევს და რომ ქვეყნიერების მხსნელი იერუსალიმის აღდგენის შესახებ ბრძანების გამოსვლიდან სამოცდაათი შვიდეულის შემდეგ მოევლინება.

და აი, ნამდვილად დადგა ის დრო, როდესაც სკიპტრა წაერთვა იუდას შთამომავლობას და ჰეროდე იდუმიელის ხელში გადავიდა; გაჩნდა რომის რკინის სახელმწიფო - ყოვლის დამაქცეველი და დანიელის უწყებული თარიღიც მოვიდა. ქვეყნიერებაზე მშვიდობა დამკვიდრდა, რომელიც წინასწარმეტყველების მიხედვით წინ უნდა გაძღოლოდა ქრისტეს, როგორც ცისა და მიწის შემაერთებლის მოსვლას.

რჩეულთა მცირე ნაწილი ელოდა ცოდვისა და სიკვდილისაგან გამომხსნელ მესიას, იუდეველთა უმრავლესობა უცდიდა მეფე-მძლეველი მხსნელის მოსვლას, რომელიც მათ უცხოტომელთა ბატონობისაგან იხსნიდა და სხვა ხალხებზე გააბატონებდა.

რომმა თავისი რკინის სკიპტრა იმ დროისათვის არსებულ თითქმის ყველა ქვეყანას გადააწვდინა და ერთ იმპერიად გააერთიანა; პალესტინა რომის პროვინცია გახდა. სარწმუნოების საკითხებს დიდი სინედრიონი განაგებდა, რომელშიც მღვდელმთავრები, ღვთისმსახურები და მოხუცებულები შედიოდნენ. ადამიანთა მოდგმის მოლოდინი მაშინ ახდა, როცა რომის იმპერიას ავგუსტუსი, ხოლო იუდეას ჰეროდე მართავდა.

ამ დროისათვის გამოვიდა ავგუსტუს კეისრის ბრძანება, რომლის მიხედვითაც მის მიწაზე და მათ შორის იუდეაშიც ხალხის აღწერა უნდა ჩატარებულიყო. ამ ბრძანების ძალით ყველა ისრაელიანი თავისი მშობლიური ქალაქისაკენ ისწრაფოდა, რათა სახელმწიფო აღწერაში მოხვედრილიყო. საოცარია ღვთაებრივი განგებულების საქმე! თავისი ამქვეყნიური დიდებით გაამაყებული კეისარი უფლის ნების ბრმა იარაღად გვევლინება, ღვთის განზრახვას ემსახურება. ქვეყნიური მეფის ნებამ მოუხმო იოსებსა და მარიამს ბეთლემისაკენ, რათა ზეციური მეუფის ნება აღსრულებულიყო. იოსები და მარიამი აუცილებლად უნდა წასულიყვნენ ბეთლემში - დავით მეფის სამშობლოში, სადაც სამეფო შტოს საგვარეული ნუსხები ინახებოდა და სახელი იესოსი, რომლის წინაშეც ყოველთა ზეციურ ძალთა მუხლი იდრიკება, წარმართი ხელისუფალის ქვეშევრდომთა შორის ჩაწერილიყო. დიდება უფალო, სიმდაბლესა შენსა, დაე, განქარდეს ყოველი ამპარტავნება გულთაგან ჩვენთა!

წლის მკაცრ სეზონზე და სრულიად უსახსროდ, არასასურველ ვითარებაში უნდა დასდგომოდნენ იოსები და მარიამი ძნელ გზას. ამ გზის გასავლელად საუკეთესო შემთხვევაში სამ დღე-ღამეზე მეტი იყო საჭირო. ბეთლემი, პატარა ქალაქი, რომელსაც ადრე ევფრათა ეწოდებოდა, იერუსალიმის ჩრდილოეთით მდებარეობდა, ქებრონის გზაზე და ნაზარეთიდან სამი დღის სავალი აშორებდა. დავითი ბეთლემში დაიბადა და მისი მეფედ ცხებაც აქ აღსრულდა. ბეთლემში იყო დავითის მთელი მოდგმა და ამიტომ ის დავით მეფის საგვარეულო ქალაქად სამართლიანად იწოდებოდა.

ბოლოს მათ მიაღწიეს ბეთლემს, მაგრამ აქ მოსასვენებელი ვერსად იპოვეს. პატარა ქალაქი მომსვლელებით იყო სავსე. წმინდა მწირები ამაოდ ეძებდნენ თავშესაფარს. არავინ მიიღო ისინი, „რამეთუ არა იყო მათა ადგილი სავანესა“. მთელ ქალაქში თავისუფალი კუთხეც კი არსად მოიძებნა. ისინი ადამიანთა საცხოვრებელს უდრტვინველად გაშორდნენ და სადგომს ქალაქის შემოგარენში, ჭიშკართან ახლოს ეძებდნენ. ბეთლემის ჩრდილოეთით, დავითის წყაროდან ორასიოდე ნაბიჯზე, კლდეებს შორის არის გამოქვაბული, რომელშიც ქარიშხლის და უამინდობის დროს მწყემსები პირუტყვთან ერთად თავს აფარებდნენ. გამოქვაბულის სიღრმეში ქვის კლდეში ამოკვეთილი ჩაღრმავება ცხოველებს ბაგის მაგივრობას უწევდა. ამ ღატაკურ გამოქვაბულში მოთავსდნენ წმინდა მგზავრები და სრულ სიწყნარესა და სიმშვიდეში იმყოფებოდნენ, ბრბოს მღელვარებას და ქაოსს მოშორებულნი - მარტონი, უხილავ შემოქმედთან ერთად. საიდუმლოების ფარდა ჩამოეფარა ძე ღვთისას აკვანს და ამგვარად აღესრულა ისაიას წინასწარმეტყველება: „აი, ვინ დაივანებს მაღალში, კლდეთა სიმაგრეები იქნება მისი საფარი“.
ამ მყარ კლდეებში შუაღამისას ქალწულმა მარიამმა წინასაუკუნეთაგან მამისაგან შობილი უხრწნელი შვა და „მიაწვინა იგი ბაგასა“. სასწაულებრივი, ადამიანური ბუნებისათვის მიუწვდომელი იყო მისი მუცლადღება, ასევე სასწაულებრივად, ასევე ზებუნებრივად მოხდა მისი მოვლინება ყმაწვილი დედის წინაშე. ასე სხივმფენი მნათობი გაარღვევს მეყდეყლად ღრუბელს, რათა თავისი სინათლითა და სითბოთი ქვეყნიერებას სიცოცხლე მოჰფინოს.

მხსნელის შობას ტკივილები არ სდევდა თან, ქალწულმა იმგვარად შვა, რომ მთელი თავისი მხიარულება და ძალა შეინარჩუნა. როდესაც ყოვლადწმინდამ ძე თვისი და ღმერთი ჩვენი შვა, დაუყოვნებლად მის სამსახურს შეუდგა. სხვათა დახმარება არ სჭირდებოდა, არც ტკივილსა და არც იმ უძლურებას არ გრძნობდა, რომელსაც ჩვეულებრივ განიცდიან ქალები. დედა ღვთისამ ყოვლადწმინდა ხელებით თვითონვე შეახვია იგი, ბაგაში მიაწვინა და პირველმა სცა თაყვანი. თავის ძუძუს აწოვებდა მას, მის მკლავებში განვლო უფლის სიყრმემ, დედასთან განუშორებლად გაატარა მან თავისი სიყმაწვილე 30 წლის ასაკამდე, სანამ ადამიანთა მოდგმას განუცხადებდა, რომ საკაცობრიო ცოდვებს საკუთარ თავზე იღებდა, რათა ჯვარზე სიკვდილით ქვეყნიერებისათვის ხსნა მოენიჭებინა.

თრთოლვითა და მოკრძალებული მდუმარებით სცა თაყვანი იოსებმა ყოვლადწმიდა დედასა და მის ძეს - ჩვენს ღმერთს. განცვიფრების სიხარულით შეპყრობილმა ზებუნებრივი სასწაული განჭვრიტა და დაუყოვნებლივ შეიგრძნო, რომ მისი ძე ჭეშმარიტად სულიწმინდისაგან არის, მიხვდა, რომ იმ დრომდე, სანამ არ შვა ძე თვისი პირმშო, პირმშო ახალი ცხოვრებისა, პირმშო ახალი აღთქმისა, ღვთისმშობელს არ იცნობდა იოსები, არ იცოდა, ვინ იყო იგი და რისი ღირსი გახდა თვითონ, არ იცნობდა მას - დედას ღვთისას, იმიტომ, რომ იოსებისთვის დაფარული იყო, თუ რაგვარი ღვთაებრივი საიდუმლო იმალებოდა მასში. მხოლოდ აქ, ძის ბუნებითი შობის დროს მან მთლიანად გაიაზრა, რომ ამაზედ იყო ნათქვამი: „ქალწულმან მუცლად იღოს“.

კაცობრიობის მეუფის და მხსნელის შობით ღმერთმა ქვეყანას დიდი და ახალი სასწაული მოუვლინა: - სასახლის მაგიერ - უდაბნოს ქვაბული, ლოგინის ნაცვლად - ჩალის ნაგლეჯი, უფალმა, რომელიც ცაში ჩიტსაც კი არ ტოვებს მზრუნველობის გარეშე, თავისი ბრძნული ყოვლისშემძლეობით მხოლოდშობილი ძისთვის მიწიერი სავანე არ განამზადა. ძე ღვთისამ, რომელიც ზეცის მფლობელია, ბაგაში განისვენა; სამყაროს უფლისა და მეუფისათვის, როდესაც მან კაცთა სახსნელად ხორცი შეისხა, - ცოდვითა და უკანონობით დაფარულ მიწაზე ადგილი არ აღმოჩნდა. თვითონვე მოწმობს ამას, როდესაც ამბობს: „მელთა ხურელი უჩნს და ფრინველთა ცისა საყოფელი, ხოლო ძესა კაცისასა არა აქუს, სადა თავი მიიდრიკოს“. უცნობ ქალს ჩაესახა ქრისტე, ხოლო დიდებულ იერუსალიმში ჯვარზედ აცვეს, მცირე ბეთლემში იშვა იგი, ხოლო დიდ იერუსალიმში სიკვდილად მიეცა. საკვირველ არიან საქმენი შენნი, უფალო!

ძე ღვთისასა შობის წუთებში გაიხსნა ცა, ღვთის დიდებამ განანათლა მიწა, რომელიც ღრმა წყვდიადით იყო დაფარული, ანგელოსთა დასნი გარდამოვიდნენ მაღლიდან და სიხარულით გალობდნენ, რომ ქვეყანაზე დაემკვიდრა მშვიდობა და ადამიანებს ღვთის წყალობა დაუბრუნდათ.

რას შვრებოდა ამ დროს მიწა, - ღვთის დიდებით გაბრწყინებული? ყოველივე ღრმა ძილში იყო ჩაძირული: იუდეველები აღთქმული მესიის მოლოდინში, - რომლისგანაც ქვეყნიურ დიდებას ელოდნენ, - სჯულს იცავდნენ, ხოლო წარმართები თავიანთი კერპების წინაშე იღრჩობოდნენ ცოდვაში.
ბეთლემშიც ასე ეძინათ, მაგრამ არა ყველას. ბეთლემის ველზე, რომელიც მთებით იყო გარშემორტყმული და ქვაბულიდან ნახევარი საათის სავალზე მდებარეობდა, იდგა სვეტი, რომელიც ედერის სახელით იყო ცნობილი და რომლის სიახლოვესაც დიდი დავით მეფე მამის ფარას მწყემსავდა. ღამით, ამ დროს მწყემსები ცხვარს ედგნენ დარაჯად. მოულოდნელმა სხივმა გაანათა ისინი, უფლის ანგელოსი წინ წარმოუდგათ და უთხრა: „ნუ გეშინინ, რამეთუ აჰა, ესერა გახარებ თქვენ სიხარულსა დიდსა, რომელი იყოს ყოვლისა ერისა, რამეთუ იშვა დღეს თქვენდა მაცხოვარი, რომელ არს ქრისტე უფალი ქალაქსა დავითისასა, და ესე იყოს თქუენდა სასწაულად: ჰპოვოთ ყრმაჲ იგი შეხვეული და მწოლარე ბაგასა“.

როდესაც ზეციურმა მაცნემ ხარება დაასრულა, მოულოდნელად, როგორც მისი სიტყვის დადასტურება, გამოჩნდა ანგელოსთა უთვალავი მხედრობა, რომელიც აქებდა და ადიდებდა უფალს: „დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება“.

არც ბრძენთ, არც დიდებულთ, არც ამა ქვეყნის ძლიერთ და მდიდართ არ გამოუცხადა უფალმა თავისი საიდუმლო, არამედ - ყველაზე ღატაკ, ყველაზე უკანასკნელ მაშვრალებს ამქვეყნად. დაფარა - ყოვლადბრძენთა და გონიერთა წინაშე - და განუცხდა ყრმებს: ჰოი, უპოვარების ნეტარებავ, მორჩილებისა და უსიტყვო თვინიერების მომნიჭებელო, სიამაყისა და ამპარტავნების დამთრგულველო! თვით უფალი მისი ღატაკებთან და სიყვარულისა და გულმოწყალების წყაროს გარდმოუვლენს მათ. ანგელოსები წავიდნენ ცისკენ, დამთავრდა დიადი ხილვა, მწყემსები გონს მოეგნენ და ყველამ, როგორც ერთმა, გადაწყვიტა, წასულიყო ბეთლემში და ენახა, რაც იქ მოხდა. მათ კარგად იცოდნენ ის ადგილები ბეთლემისკენ მიმავალ გზაზე, სადაც საქონლის ბაგები იყო და სადაც ღარიბი მგზავრები თავშესაფარს პოულობდნენ. წავიდნენ და ჰპოვეს ყოვლადწმინდა ქალწული და ბაგაში მწოლარე ყრმა და თაყვანი სცეს მას.

ანგელოსთა სხივბრწყინვალე გამოცხადებისა და ხარების შემდეგ ღვთაებრივი ყრმა უბრალოებით და სიღატაკით გარშემორტყმული კიდევ უფრო ზეციური და ნათელი ეჩვენათ. თაყვანისსაცემად მისულებმა ყველაფერი მიიტანეს, რაც კი ებადათ: წმინდა სიყვარული, მყარი რწმენა და მხსნელის და მეუფის მხურვალე დიდება. და რადგან სურდათ, საკუთარი ღვთისმოსაური გრძნობა გამოეხატათ, მის ყოვლადწმინდა დედას უამბეს ყველაფერი, რაც ნახეს და ანგელოსთაგან ესმათ. ქალწული მარიამი თვალს ადევნებდა ყველაფერს, რაც მისგან შობილ ღმერთკაცს შეეხებოდა და როდესაც მწყემსების ნაამბობს ისმენდა, მეხსიერებაში იბეჭდავდა და ხარობდა, რომ მოვლენები ღმერთის აღთქმას ადასტურებდა. წმინდა იოსებ დამწინდველი გაოცებული, კრძალვით იდგა ჭეშმარიტი ნათლის წინაშე, ბედნიერმა მწყემსებმა კიდევ ერთხელ სცეს თაყვანი ყრმა ღმერთს და მის ყოვლადწმინდა დედას და თავიანთი მორჩილების აღსასრულებლად წავიდნენ, აქებდნენ და ადიდებდნენ ღმერთს და მთელ მხარეში ავრცელებდნენ სასიხარულო ამბავს - იმ წმინდა ღამეს მომხდარი სასწაულის შესახებ.

                                                      


                                                                  შობა


ქრისტეშობის ღამეს იცით? ძაღლიც არ იკბინება.
ყვავი მღერის ბულბულის ხმით, ლომი კრავს ეფერება.
თქვენ იცით რომ შობის ღამეს, როცა ზარი ჩამოჰკრავს,
“იესო დაბადებულაო”, დაიწყება გალობა.
თქვენ იცით რომ შობის ღამე, სიყვარულის ღამეა?
კატამ წრუწუნა მონათლა, თაგვის მეგობარია.
თქვენ იცით რომ შობის ღამე ჯადოსნური ღამეა?
ციდან ცვივა ფანტელებად სანთელ-საკმეველია.


No comments:

Post a Comment